ნავთობის ფასი ბოლო ორი წლის მაქსიმუმთანაა

წინა კვირაში ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასის აღმასვლა შეჩერდა.

თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ბოლო ორი წლის მაქსიმუმის სიახლოვეს რჩება. ფასის ზრდის შეჩერება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტი გაიზარდა. პარალელურად, ნედლი ნავთობის ექსპორტს ერაყიც ზრდის, რომელიც კირკუკის ჩრდილოეთში მოპოვების შეფერხების გამო, არასტაბილური იყო.

"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 10 ცენტით, 60.80 დოლარამდე დაიკლო, რაც 2015 წლის მაქსიმუმთან ახლოსაა. ამ მარკის ნავთობის ფასმა წლევანდელ მინიმუმს 2017 წლის ივნისში მიაღწია, რის შემდეგაც, 37 პროცენტით გაიზარდა.

ასევე 10 ცენტით შემცირდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი, რომელიც 54.05 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. თუმცა ამის მიუხედავად, თებერვლის და ბოლო ორი წლის მაქსიმუმთან ახლოს რჩება.

როგორც საბროკერო კომპანიები აცხადებენ, ტრეიდერები და ბროკერები ამჟამად მოგების განაღდებით არიან დაკავებულნი და ფასების კორექციულ კლებას ესეც განაპირობებს. საერთო ჯამში, ნავთობის ფასი ოქტომბერში დაახლოებით 5 პროცენტით არის გაზრდილი.

ნავთობის ბაზრის ზრდის ტრენდის მიუხედავად, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარი გადაყიდვის ფაზაშია, რადგან მეტისმეტად სწრაფად გაიზარდა. ყოველივეს მიუხედავად, ფასის ზრდის გაგრძელებას ის გარემოება განაპირობებს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, ნავთობის მოპოვების შეზღუდვის (დღიურად 1.8 მილიონი ბარელით) გაგრძელებას აპირებენ.