აშშ-მ ირანის უმსხვილესი ნავთობკომპანიების, ფიზიკური პირების და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მ ირანის 41 ფიზიკური პირის, კომპანიისა და ორგანიზაციის, მათ შორის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ეს სანქციები ვაშინგტონმა თეირანის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის და ტერორიზმის მხარდაჭერის საპასუხოდ მიიღო.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გარდა, სიაში ასევე მოხვდნენ უმსხვილესი ნავთობკომპანიები Sepanir Oil & Gas Energy Engineering Company და Oriental Oil Kish.

სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ, მათი აქტივები „იყინება“, კომპანიებს ვაშინგტონთან სახელმწიფო კონტრაქტებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ირანმა საკუთარი სარაკეტო პროგრამის განვითარებაზე და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მხარდაჭერაზე 520 მილიონი დოლარი გამოყო.