მაქინაცია თუ ფულის შოვნის იოლი გზა - საიტები, რომელიც მოქალაქეებს მცირე თანხის სანაცვლოდ მაღალ მოგებას სთავაზობს

საქართველოში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ისეთი საიტები, რომლებიც მოქალაქებს მცირე თანხის სანაცვლოდ დიდ მოგებას სთავაზობს.

ასეთი საიტები ჰაიპის სახელით არის ცნობილი. ჰაიპი ერთგვარი ფინანსური მაქინაციაა, რომელიც ადამიანებს მცირე თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მაღალი პროცენტით მოგებას სთავაზობს.

ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ფულს აბანდებენ და მოგების მიღებას ცდილობენ ზუსტად ჰაიპებზე, რომლებიც მხოლოდ გარკვეული პერიოდით იქმნება და მცირე დროში უქმდება. შედეგად კი ზარალდებიან ის ადამიანები, ვინც მსგავს საიტებზე კრიპტოვალუტის გამომუშავებას ბოლოს იწყებს.

მაგალითად, უკვე აღარ ფუნქციონირებს „ავრორამაინი“, რომელიც როგორც ჩანს, საქართველოში საკმაოდ პოპულარული ჰაიპი იყო. თუმცა, მისი მსგავსი სხვა არაერთი საიტი არსებობს, რომელიც ასევე სწრაფად ხდება პოპულარული მოქალაქეებში.

სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეო და „ფეისბუქის“ გვერდია უკვე შექმნილი, სადაც მოქალაქეები ამ კუთხით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. როგორც „ფეისბუქში“ შექმნილ ჯგუფებში ამ საიტების მომხმარებლები წერენ, ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ ეს საიტები დროებითია და შესაძლოა მალე გაუქმდეს, თუმცა არსებულ რისკებზე თვალს იმის გამო ხუჭავენ, რომ მსგავსი ჰაიპები როგორც წესი საკმაოდ მაღალ პროცენტს სთავაზობენ. სხვადასხვა ჰაიპების შემთხვევაში საუბარია, დღეში 9-10%-ის მიღებაზე.

ამასთან, საიტები ქსელური მარკეტინგის პრინციპითაც მოქმედებს. კერძოდ, კონკრეტული ჰაიპის მომხმარებელი დამატებით პროცენტს მიიღებს თუ საიტზე სხვა ადამიანსაც დაარეგისტრირებს.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სქემა ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდის სქემაა, სადაც შესაძლოა პირველ ეტაპზე ადამიანებმა მართლაც მიიღონ სარგებელი, თუმცა დიდია საფრთხე, რომ თანხა საერთოდ დაკარგონ. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმის გამოც, რომ მსგავსი საიტები უცხოეთშია რეგისტრირებული და შესაბამისად, თანხის დაბრუნების შანსიც ნაკლებია.

ამასთან, სპეციალისტების ცნობით, აღნიშნული საიტების უმეტესობა, ადამიანების მისაზიდად ძირითადად ბიტკოინს იყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მსგავს ჰაიპებზე თანხის დაბანდებით, ბიტკოინის მიღებას და გამომუშავებას შეძლებენ.

„საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი საიტებით დაზარალებულმა რამდენიმე ადამიანმა ორგანიზაციას უკვე მიმართა. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კრიპტოვალუტების თემა საკმაოდ აქტუალურია, შესაბამისად არ არის გამორიცხული ვინმემ ამით ბოროტად ისარგებლოს და ითაღლითოს.

„ზოგადად, როდესაც იმხელა მოგებას გთავაზობენ, როგორც ეს მსგავსი ჰაიპების შემთხვევაშია, გარკვეული რისკები რა თქმა უნდა, არსებობს და მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ. საიტები მოქალაქეებს ფულის მარტივად შოვნის საშუალებას აძლევს, რის გამოც შესაძლოა ვინმე არსებულ რისკებს არ დაუკვირდეს და თაღლითობის მსხვერპლიც გახდეს. ამიტომ ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრევენცია კარგი იქნება,“-განაცხადა კეპულაძემ.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კრიპტოვალუტით სწრაფად გამდიდრების ილუზია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ ვთვლი, რომ კრიპტოვალუტით ბიზნესის კეთება საქართველოში საუკეთესო მოდელია. შეიქმნა ახალი მოდელი - კრიპტოვალუტის მაინინგი, რამაც ბუმი გამოიწვია განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც სოციალური დონისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემებია. უცებ გაჩნდა კრიპტოვალუტით სწრაფად გამდიდრების ილუზია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში ძალიან ცოტამ იცის რა არის კრიპტოვალუტა და მას ყველა როგორც სწრაფი გამდიდრების საშუალებას ისე უყურებს. რისკები რა თქმა უნდა ბევრია, თუმცა, მნიშვნელოვანი ის, რომ თუ კრიპტოვალუტის შესახებ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია არ გაქვს, მსგავს ოპერაციებში ინვესტირება შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს. იგივე წარმატებით ადამიანს შეუძლია წავიდეს და კაზინოში დადოს ფსონი,“-აღნიშნა პატარაიამ.

თაია არდოტელი