ეკონომიკური ექსპერტის, ლევან კალანდაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის სატელევიზიო ბოლო კვლევაში Doing Business-ში საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესება და მე-16 ადგილის მე-9 ადგილით ჩანაცვლება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ეკონომიკური ექსპერტის განცხადებით, საქართველოსთვის დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევების, ასევე 4-5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიების დადებითი შეფასებები და საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესება.
”მინდა ყურადღება გავამახვალო რამდენიმე საკითხზე, რომელიც გამოიკვეთა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ამ ბოლო ანგარიშში. პირველი არის ის, რომ ჩვენ 10 კომპონენტიდან 6-ში გვაქვს გაუმჯობესება, 4-ში კი ვინარჩუნებთ არსებულ პოზიციებს, რაც პრაქტიკულად, აქამდე არ მომხდარა. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი პოზიციონირების კუთხით ბიზნესის დაწყების კომპონენტში მეოთხე ადგილზე ვართ. გარკვეული პროგრესი გვაქვს მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ამ კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ. საქართველო ამ კომპონენტში მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ, ასევე კონტრაქტების აღსრულების და გადახდისუნარიანობის საქმეშიც პოზიციები გაუმჯობესებული გვაქვს”, - განაცხადა ლევან კალადაძემ.
მისი განცხადებით, კურსი, რომელიც საქართველოს ბიზნესთან ურთიერთობის და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნისთვის აქვს აღებული, გაუმჯობესებულია. კალანდაძის შეფასებით, ეს პროგრესი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები განახორციელა. გარდა ამისა, ეკონომიკური ექსპერტის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი მსოფლიო ბანკის კეთილგანწყობა და ნდობის ამაღლება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვანი განხორციელების ნაწილში.
”ეს 4-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვან კომპონენტებს, ე.წ. სივრცით მოწყობას, ძალიან მსხვილ მაგისტრალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 4 წლის განმავლობაში. ჩვენ, პრაქტიკულად, ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს მსხვილი პროექტების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების ნდობა იზრდება, ასევე იზრდება საინვესტიციო მიმზიდველობა საქართველოს მიმართ. ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გეგმები და პროგრამები, რაზეც მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, წარმატებით განხორციელდეს”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.