ჩვენ უკვე ძალიან მაღალ დონეზე განვავითარებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს იქნება პირველ რიგში ტურისტული სფეროს განვითარება, - ამის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარემ, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორ სფეროზე, ეს არის საპარლამენტო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარება და მეორე საკითხი ეს იყო თუ როგორ განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. პარლამენტის დონეზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი გავაკეთოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების განვითარება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სჭირდება საქართველოს ჩვენი მხრიდან. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავიგებთ ყველანაირ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ჩვენი მხრიდან ქართველ კოლეგებს აუცილებლად გადავცემთ საჭირო ინფორმაციას, რაც დასჭირდება ქართულ მხარეს ურთიერთობის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე ძალიან მაღალ დონეზე განვავითარებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს იქნება პირველ რიგში ტურისტული სფეროს განვითარება, რადგან ტურიზმი ითვლება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მხარედ. იმ პერიოდში, როცა საუდის არაბეთი ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეზეა ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობის, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს განვითარებას“, - განაცხადა საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის და საუდის არაბეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება.
„ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ძალიან აქტიურად ვითარდება. საქართველოსთვის და საუდის არაბეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება. საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი, სტრატეგიულად
მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გაყვანა. თანამშრომლობის გაღრმავებისთვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი, რომელიც მომავალში შეძლება გამოვიყენოთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ეს ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაში პარლამენტების როლს გაუსვა ხაზი.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საპარლამენტო ურთიერთობების როლი თანამშრომლობაში. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ამ პროცესში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა ძალიან კარგი დასაწყისია, მომავალში უფრო მჭიდრო მეგობრობის ჩამოყალიბებისათვის“, - აღნიშნა კობახიძემ.