მოქალაქეებს, რომელთა ხელფასი წლიურად 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფო ხელფასის ოდენობის მხოლოდ 1%-ს გადაურიცხავს.
ამის შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშზე 2%-ს გადარიცხავს, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ან თვითდასაქმებული პირის წლიური ხელფასი/შემოსავალი 24 ათას ლარს არ აღემატება.
ხოლო, იმ პირების საპენსიო ანგარიშზე, რომელთა წლიური ხელფასი ან შემოსავალიც 60 ათასს აღემატება, სახელმწიფო საპენსიო შენატანს არ განახორციელებს.
„სახელმწიფო აღნიშნულ შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა დასაქმებულის, დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ გათვალისწინებული შენატანები,“-აღნიშნულია პროექტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი ხელფასი 60 ათას ლარს აღემატება, დამსაქმებელს და თავად დასაქმებულს საპენსიო შენატანის გადარიცხვა არ მოუწევთ. ყველა სხვა შემთხვევაში კი დამსაქმებელი და დასაქმებული პირი საპენსიო ანგარიშზე დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავს.
რაც შეეხება თვითდასაქმებულს, მას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შემოსავლის 4%-ის გადარიცხვა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ წელიწადში 60 ათასი ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს. სხვა შემთხვევაში, მას საპენსიო შენატანის განხორციელება არ მოუწევს.