10 უიშვიათესი ვაზის ჯიში საქართველოში

საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული.

ბევრი მათგანი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხარობს, თუმცა არის ისეთი ჯიშები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთეული სახით გვხვდება. „ჩემთვის ყველა ვაზის ჯიში საინტერესოა, თუმცა არსებობს იშვიათი ჯიშები, რომლებიც მხოლოდ კოლექციებში გვხვდება. ასეთ უნიკალურ ჯიშებზე დაკვირვება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ ბაზაზე მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ამ ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლონდა მამასახლისაშვილი. მისი თქმით, ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე მეცნიერები ქართული ვაზის 40 ჯიშს აკვირდებიან, მათ შორის ყველაზე იშვიათი და გამორჩეული შემდეგი ჯიშებია:

ბუზა - ეს ჯიში ძირითადად ქართლში იყო გავრცელებული. მისი სახელწოდება ასე შეიძლება გავიგოთ - ბუზის ყურძენი, ბუზის საჭმელი. ეს ძირითადად საღვინე ყურძენია. როდესაც ბუზა სიმწიფეში შედის, მისი მარცვლები ადვილად სკდება და წვენს ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. ამ ყურძნის ნარგავები საქართველოს არცერთ კუთხეში არ ხარობდა, ის მხოლოდ ერთეული ძირების სახით იყო გავრცელებული ქართლის რეგიონში.

დანახარული - ადგილობრივი მოხმარების საღვინე ყურძენია, რომელიც ქართლში ხარობდა. ესეც იშვიათი ჯიშია და მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია დაცული. დანახარულისგან სუფრის ღვინოს ამზადებდნენ, თუმცა მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება საკუპაჟედაც. ძველად ეს ჯიში საკმაოდ იყო გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონის ვენახებში. დღეს ეს ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშია.

ინსტიტუტის გრძელმტევანა - ეს ჯიში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მუშაკების მიერ 1933 წელს იქნა აღმოჩენილი. სწორედ მათი წვლილის დასაფასებლად უწოდეს ინსტიტუტის გრძელმტევანა. ეს ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, რომელიც მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს იძლევა. ინსტიტუტის გრძელმტევანა კახური ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია „ტყის ვაზის“ სახელწოდებით. ჯიშის ხანგრძლივი შესწავლით დადგენილია, რომ გრძელმტევანა საკმაოდ მოსავლიანი ყურძენია.

სიმონასეული - კახური ვაზის ჯიშია, რომელიც მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს იძლევა. ცნობილი მკვლევარი დიმიტრი ტაბიძე წერს, რომ კახურ წითელყურძნიან ჯიშებს შორის სიმონასეულის ღვინოს, საფერავის შემდეგ, პირველი ადგილი უკავიაო.

შავი რქაწითელი - კახური ვაზის ჯიშია, რომელსაც საკოლექციო მნიშვნელობა აქვს. სიმონასეულის მსგავსად, შავი რქაწითელიც წითელყურძნიანი ჯიში გახლავთ. აქ ჩამოთვლილი სხვა იშვიათი ჯიშების მსგავსად, ჯიღაურას საცდელ ბაზაზე მისი 20 ეგზემპლარია წარმოდგენილი.

საკმიელა (საკმეველა) - თეთრყურძნიანი ჯიშია და გურიაში ხარობს. გურიის მთისპირა სოფლებში საკმიელა მასობრივად იყო გავრცელებული. ამ ჯიშის ყურძნის მარცვალი ღია მწვანეა - ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. ჯიში მასობრივ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია, რომლისგანაც საკმაოდ კარგი ღვინო მზადდება.

ჭუმუტა - ეს ჯიშიც გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მკვლევარი მაქსიმე რამიშვილი წერს, რომ ჭუმუტას ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია წითელი შეფერილობით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით და კარგი გემოთი.

ჯანი - ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ისიც გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობითა და სასიამოვნო გემოთი. დაძველებისას მისი გემო კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.

სხილათუბანი - ესეც იშვიათი ვაზის ჯიშია და საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. ისიც გურული წარმოშობისაა. ამ ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო მუქი წითელი შეფერილობისაა და საკმაოდ კარგი ხარისხისაა. ჯანის მსგავსად, სხილათუბანიც საგვიანო ჯიშია.

ჭვიტილური - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, ის სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჭვიტილურიც საგვიანო ჯიშია, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მწიფდება.

ხათუნა ჩიგოგიძე