დონალდ ტრამპი კონგრესს მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის შეწყვეტის ინიციატივით მიმართავს

ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის შეწყვეტის ინიციატივით მიმართავს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საიმიგრაციო ვიზების ლატარეის პროგრამის გაუქმების პროგრამას ვიწყებ. ვგეგმავ კონგრესს მოვთხოვო ამ პროგრამის გაუქმების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყონ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მომავალში საიმიგრაციო ვიზები უნდა გაიცეს ამა თუ იმ პირის მიღწევებიდან გამომდინარე.

ნიუ-იორკში ტერაქტი ორი დღის წინ 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.