„მაგთისატისა“ და IP ტელევიზიის აბონენტებს 1-ელი დეკემბრიდან სასურველ პაკეტში 2 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ

„მაგთიკომი“ ტელევიზიის პაკეტების ფასს 2 ლარით ზრდის.

ფასის ცვლილება 1-ელი დეკემბრიდან მოხდება. საუბარია, როგორც „მაგთისატის“, ასევე IP ტელევიზიის ყველა აბონენტზე.

„2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს)“, - ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

IP ტელევიზია არის სატელევიზიო სერვისი გადახვევის; დაპაუზების; გადაცემების სხვადასხვა ენებზე ნახვის შესაძლებლობისა და HD ხარისხით. მაგთისატი კი ფასიანი თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მაყურებელს ოთხ პაკეტად დაყოფილ ტელეარხებს სთავაზობს.