"არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს"

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ძალიან ჯანსაღია. არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-16 ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა.

„მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო უმაღლეს ათეულში მოექცა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. მინდა ყველას მივულოცო. ეს არის ასევე მიზნამიმართული, ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იქნა გაწეული, ძალიან ბევრი რეფორმის, რომელიც გატარდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნის, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ექსპორტის მიმართულების ზრდა. მოგეხსენებათ, რომ 28.5%-ით გაიზარდა ექსპორტი. ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გაქვს, უკვე შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 6,5 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა. ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4.7%-ს და არის მართლაც ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, არის ძალიან ჯანსაღი. არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს გვაქვს 36%-იანი ზრდა.

„მომავალ წელს თითქმის გაორმაგდება შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორზე, მეწარმოებაზე, ახალ საწარმოებსა და ადგილობრივ წარმოებაზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.