”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე - თუ გვინდა, რომ საცობების პრობლემა მოვაგვაროთ, უნდა გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა

თბილისის ახლად არჩეული მერის მხრიდან არის სურვილი, რომ ქალაქში ჰაერის ხარისხის კუთხით მოხდეს გარდატეხა, - ამის შესახებ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ კახა კალაძესთან შედგა ექსპერტების შეხვედრა, სადაც ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც გელა კვაშილავამ აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი საკითხი ტრანსპორტის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო.

”ორი დღის წინ, შეხვედრა გვქონდა თბილისის ახალ არჩეულ მერთან, მის შტაბთან, სადაც სხვადასხვა ექსპერტი იყო მიწვეული. შეხვედრაზე განხილული იყო ქალაქში ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, პარკინგის, ახალი გზების მოწყობის საკითხები. ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარია საცობების საკითხი ქალაქში და მისი მოგვარების გზები. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტრანსპორტის კუთხით კონკრეტულად გადასადგმელ ნაბიჯებზე და შეხვედრის მიზანიც ალბათ ეს იყო, რომ კახა კალაძეს და მისი შტაბის წევრებს გაეგოთ თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხების მიმართ ექსპერტებს”, - განაცხადა გელა კვაშილავამ.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა იმას, რომ ქალაქში ჰაერის ხარისხის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ვითარება შესაცვლელია.

”ჩვენ დავინახეთ, რომ ახალ არჩეული მერის მხრიდან არის სურვილი, რომ ამ კუთხით მოხდეს გარდატეხა. პირადად ჩემი აზრია, რომ მნიშვნელოვანია რადიკალური რეფორმების გატარება ამ სფეროში და რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების გამოყოფა. თუ გვინდა, რომ საცობების პრობლემა მოვაგვაროთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის, რომ გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ავტოპარკის განახლება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ჰქონდეთ გამოყოფილი ხაზი და არ ჰქონდეთ გადაადგილების პროცესში შეზღუდვა”, - განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის იანვრიდან მოხდება და მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს კორუფცია და არსებობდეს ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე ცენტრები.