„მზიური“-ს პარკის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 119 600 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროქტის მთავარი მიზანია სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის რეაბილიტაცია და გამწვანება. პროექტი ასევე მიზნად ისახავს დაზიანებული დეტალების რესტავრაციას, ამორტიზირებულის გამოცვლას და ბილიკების რეაბილიტაციას, არსებული სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელის მოწესრიგებას. ასევე ახალი ბილიკების, ველო ბილიკების მოწყობას. სივრცეების შექმნას ბავშვთა და მოზარდთათვის, მყუდრო მოსასვენებელი ადგილების მოწყობას.
გარდა ამისა, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე: საბაღე ბილიკების, ველო ბილიკების, სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურების მოწყობას და მყუდრო დასასვენებელი სივრცეების შექმნა; საფეხმავლო/საველოსიპედე ხიდების მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში); პარკის ტერიტორიაზე ბავშვთა სათამაშო მოედნების (მოედნების მოწყობა სასურველია კაუჩუკის საფარით) და სკეიტბორდის მოედნის მოწყობა, დენდროლოგიურ პროექტი და ა.შ.