ანაკლიის პორტის პროექტს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს

პროექტის დამტკიცების შემთხევევაში, ანაკლიაში პორტს ,,თიბისი ჯგუფი’’ ამერიკულ ,,კონტი ჯგუფთან’’ ერთად ააშენებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კომპანია "კონტი ჯგუფმა" ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი წარადგინა. პროექტს ამერიკული კომპანია ,,თიბისი ჯგუფთან’’ ერთად განახორციელებს.

სამინისტროში შესული ერთობლივი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში , ანაკლიაში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარობის პორტი აშენდება. წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.

ეკონომიკის სამინისტროში პროექტის შესახებ წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის განხილვას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ანაკლიაში პორტის შესწავლა დასრულდება. მათივე ინფრომაციით, საპარტნიორო ფონდი ანაკლიის პორტის ტექნიკურ შესწავლას ხვალ დაასრულებს.

ამერიკელთა დელეგაცია საქართველოში 2013 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა, მაშინ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს. ხელისუფლების წინასწარი განზრახვით, პორტის მშენებლობაში თანაინვესტირების ფონდი უნდა ჩართულიყო, თუმცა საქმე აქამდე აღარ მისულა.