ბიტკოინის ფასი 7 000 დოლარს ასცდა

ბიტკოინის ფასი ზრდას აგრძელებს და მან უკვე მიაღწია ახალ ისტორიულ ნიშნულს - 7 000 დოლარს.

შეერთებულ შტატებში ბაზირებულ GDAX-ის სავაჭრო პლატფორმაზე, დღეს დილის სავაჭრო სესიის დროს, ბიტკოინის ფასი 7 089.80 დოლარამდე ავიდა, შემდეგ კი კორექციულ ფაზაში (მცირე კლება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის შემდეგ, ინვესტორებმა მოგების განაღდება დაიწყეს) გადავიდა.

წლის დასაწყისიდან, როცა დაახლოებით 1 000 დოლარის სიახლოვეს იმყოფებოდა, ბიტკოინის ფასი 640 პროცენტით არის გაზრდილი. მსოფლიო ბაზარზე ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 117 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამ დღეებში ბიტკოინის სწრაფი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა CME ჯგუფის (NASDAQ:CME) განცხადება გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ბიტკოინის ფიუჩერსებზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი გიგანტური სავაჭრო პლატფორმა ციფრული ვალუტით დაინტერესებას ავლენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ბაზარზე დამკვიდრების პროცესს შეუქცევადი ხასიათი აქვს.

CME-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია აკონტროლებს და ბიტკოინით ვაჭრობის დასაწყებად მისი ნებართვაა საჭირო. ამასთან, თვითონ CME გადაწყვეტილებას რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მიიღებს, რომელთა შორისაც, SegWit2x მოდიფიცირების პროცესის შედეგები იქნება. რეგულირებადი დიდი სავაჭრო პლატფორმის მიერ აღიარება, ციფრული ვალუტებისადმი საფინანსო სამყაროს მის საყოველთაო აღიარებასაც გამოიწვევს.

4.77 პროცენტით ბიტკოინის ზრდის პარალელურად, 558.38 დოლარამდე გაიზარდა მისი განაყოფი - ბიტკოინ ქეში, რომლის კაპიტალიზაციამაც 9.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით, ბიტკოინ ქეში მესამე უდიდესი ციფრული ვალუტაა. მეორე პოზიცია ისევ ეთერიუმს უკავია, რომლის ფასიც 2.97 პროცენტით, 280.10 დოლარამდე შემცირდა.