მშენებლობებზე უსაფრთხოების სტანდარტები გვაქვს, უბრალოდ, ამ ყველაფერს შესრულება უნდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
ალავიძე გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას მშენებლობებზე ტექნიკური რეგლამენტის შემოღების შესახებ.
”სასურველი და კარგი იქნება, თუ დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ ეს უფრო დაიხვეწოს. უსაფრთხოების სტანდარტები გვაქვს, უბრალოდ ამ ყველაფერს შესრულება უნდა”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მან კომენტარი გააკეთა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომპანიები მომავალ წელს დაგეგმილ გრანდიოზულ მშენებლობებს მომზადებული შეხვდნენ.
"ხარისხის მიმართულებით ბევრი ინოვაციებია. მომავალი წლის პირველ კვარტალში ვიწყებთ ორნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს. სულ 30 პროექტია, 18 საგზაო და 12 წყალმომარაგების მიმართულებით, კომპანიებთან ხშირი შეხვედრები გვაქვს და კიდევ ვაგრძელებთ, რათა მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ამ პროექტების დაწყებას, უზარმაზარი პროექტებია და მთლიანად სამშენებლო სექტორი უნდა იყოს მობილიზებული. ვსაუბრობთ იმის შესახებ რა ხარვეზები გვაქვს, რა რეგულაციები გვაქვს მისაღები და გასასწორებელი, რომ ეს ყველფერი გავასწოროთ, რათა ჩვენი სამშენებლო სექტორი დახვდეს ამ გეგმებს მომზადებული და ქართველებმა გააკეთონ ამ სამუშაოების დიდი ნაწილი, რათა სამომავლოდ, როცა ეს პროექტები დასრულდება, შეძლონ უცხოეთში გასვლა და ისე აკეთონ პროექტები, როგორც ჩვენთან შემოდიან უცხოელები და აკეთებენ”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.