მომზადდა ახალი ფარმაცევტული კანონი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მედიკამენტების რეგისტრაციისა და წამლის ხარისხის პროცედურების გაუმჯობესებაა , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ზოიძემ ამ კონტექსტში წამლებზე ფასების რეგულირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
”2009 წელს ფარმაცევტულ კანონმდებლობაში განხორციელდა ძალიან კარგი ცვლილება, როდესაც დაიშვა იმ მედიკამენტების პარალელური იმპორტი, რომელიც რეგისტრირებულია და რომლის ხარისხი გადამოწმებულია ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში ჩვენ იმის გარანტიას ვიღებთ, რომ ეს ნამდვილად ხარისხიანი წამალია. ამან გარკვეულწილად კონკურენციასა და ფასებზე იმოქმედა. დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობის მედიკამენტი შემოდის სწორედ პარალელური იმპორტის რეჟიმით. ეს გვეხმარება იმაში, რომ მომხმარებელმა შედარებით ხელმისაწვდომი ფასით, მაღალი ხარისხის მედიკამენტი მიიღოს. იმავდროულად, არის ისეთი ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების ნაწილი, რომელიც რეგისტრირებულია კანონის ყველა პროცედურისა და ნორმის დაცვით, ნიმუშების მიხედვით არის შესაბამისი ხარისხის, მაგრამ რომელი ხვდება ბაზარზე, რომელი პარტია შემოდის, ჯანდაცვის სამინისტროს ამის გაკონტროლების საშუალება სრულად არა აქვს”, - განაცხადა ზოიძემ პარლამენტის სხდომაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ყველაფერი გაკეთდება ხარისხობრივი ცვლილებებისა და ხვრელების დახურვისათვის.
ზოიძემ პარლამენტის კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.