გიორგი კაკაურიძე - ჩვენი მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევაა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც შექმნის რესურსს სოციალური ხარჯების გასაზრდელად. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ამას ემსახურება, როგორც 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე ის ფისკალური ჩარჩო, რომელიც გასული წლის ბოლოს იქნა პარლამენტში წარმოდგენილი და მიღებული. ეს ნიშნავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და ინფრასტრუქტურაზე დამატებითი თანხების გამოყოფას. წარმოდგენილი ბიუჯეტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. ჯამური ხარჯვითი ნაწილი გვაქვს 12 მლრდ 403 მლნ 300 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. გათვალისწინებულია იმ პროექტების დაწყება, რომლებიც ჩვენს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

გადამუშავებულ ვარიანტში დაემატა კომიტეტების შენიშვნები, რომლებიც ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა. მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმრთულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგო სამუშაოებზე დაემატა დაახლოებით 10 მილიონი, ასევე ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტეტის მოთხოვნები“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის, ამიტომ მთავრობა მუშაობს ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე, რომ გაჩნდეს რესურსი სოციალური ხარჯების გასაზრდელად.