გიორგი ჩოგოვაძე - მარკეტინგული კამპანიებისთვის, რომელიც 19 ქვეყანაში მიმდინარეობს, 5 200 000 ლარია გამოყოფილი

მარკეტინგული კამპანიებისთვის, რომელიც 19 ქვეყანაში მიმდინარეობს, 5 200 000 ლარია გამოყოფილი , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

„წელს 10 თვის განმავლობაში ჩვენ არათუ გავიმეორეთ წინა წლის მთლიანი მაჩვენებელი, არამედ გავაუმჯობესეთ ეს მონაცემი 70 000 ადამიანით. საერთო ჯამში, ჩვენ ტურისტების რაოდენობის მხრივ ახალ ნიშნულს გადავლახავთ. მათი რიცხვი პირველად გადააჭარბებს 7 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მშრალი ციფრები და სტატისტიკა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის და შემოვა უფრო მეტი შემოსავალი და ასევე უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება ტურიზმის სფეროში, რადგან გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს მეტი სამუშაო ადგილი დასჭირდება“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ზამთრის მარკეტინგულ ღონისძიებებს, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ამჟამად აქტიურ ფაზაშია ზამთრის მარკეტინგული კამპანიები.

„19 ქვეყანაში მიმდინარეობს ინტერნეტ კამპანია, რომლის დაგეგმვაში, ანალიტიკასა და ეფექტურობის გაზრდაში ჩვენი მთავარი პარტნიორია საერთაშორისო კორპორაცია „გუგლი“. 19 ქვეყნიდან დაახლოებით, 8 ქვეყანა არის ევროკავშირის მიმართულება. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ძალიან წარმატებულად ჩაივლის. საერთო ჯამში, 2017 წელს ჩვენ დავხურავთ ახალი ნიშნულის დაპყრობით“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.