”გრძელი ფული” რაც მეტია, მით უკეთესი

ხელმისაწვდომი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გარეშე საწარმოო სექტორი ვერ განვითარდება.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნება გადაწყვიტა, წინა კვირაში კი პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც შევიდა - ახალი ბანკი კომერციული ბანკების შესახებ კანონით არ დარეგულირდება. კანონპროექტი პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოში მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდს მთავრობა თავდაპირველად სუვერენულ ფონდად უპირებდა გარდაქმნას და ამისთვის კანონპროექტიც შეტანილი იყო პარლამენტში, რომელიც უკან გამოიტანეს.

საქართველოს განვითარების ბანკი შეიქმნება საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება. კანონპროექტის თანახმად, ის უფლებამოსილი იქნება, გასცეს სესხები კომერციული ბანკის მეშვეობით, გამოუშვას ობლიგაციები, იმავდროულად ეკრძალება დეპოზიტების მიღება, საანგარიშსწორებო მომსახურება და სხვ. გამოდის, არ მართლდება ზოგიერთთა მოლოდინი, რომ კომერციულ ბანკებს განვითარების ბანკისგან საკრედიტო რესურსების მიღების უფლება არ ექნებოდათ. შესაძლოა ამან ეჭვქვეშ დააყენოს პროგნოზები, რომ განვითარების ბანკი კომერციული ბანკების კონკურენტი არ გახდება.

სახელმწიფოს გარდა, განვითარების ბანკს შეიძლება ჰყავდეს სხვა აქციონერებიც, ოღონდ მათი აქციების ჯამი 49%-ს არ უნდა აღემატებოდეს. კანონპროექტით ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს შეფერხებული და მიმდინარე პროექტების დასრულებას, შეიმუშაოს და დააფინანსოს ახალი პროექტები, აგრეთვე, ბანკის ამოცანა იქნება წარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნა.

სხვათა შორის, ასევე გრძელვადიანი ფინანსური რესურსისთვისაც დაიგეგმა ფულის მოზიდვა 2014 წელს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით (ანუ შიდა ვალის აღებით), საიდანაც 200 მილიონი ლარის კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსდება. ამ სახსრებით ბანკებმა გრძელვადიანი კრედიტები უნდა გასცენ, წაახალისონ სტარტაპები, დააკრედიტონ მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორც ჩანს, მთავრობაში კარგად შეაფასეს ე.წ. გრძელი ფულის მნიშვნელობა საწარმოო სექტორისთვის.

საქართველოს განვითარების ბანკიც დააფინანსებს როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე პროექტებს. ბანკს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ბანკის პრეზიდენტს 7 წლით დანიშნავს. განვითარების ბანკი წლის ბოლომდე უნდა დაფუძნდეს.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, "ქართული ოცნების"ეკონომიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი: "სახელმწიფო ბანკის იდეა ახალი არ არის, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ოღონდ როცა ჯერ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ არის დამტკიცებული, ანუ არ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის შინაარსის აღსრულებისთვის შეიძლება სახელმწიფო ბანკი გახდეს საჭირო, ასეთი ინსტიტუტის დაფუძნება შეუფერებლად მიმაჩნია.

საოცრად პატარა ეკონომიკა გვაქვს - საშუალო ამერიკული კომპანიის ერთი წლის შემოსავლების მოცულობის. ცხადია, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს სწორი მიმართულებით აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, საჭიროა სახელმწიფო ინვესტიციები იმ მიმართულებით, რომლის გარეშეც ბიზნესი ვერ განვითარდება.

როცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე ვმუშაობდით, ორი სახელმწიფო ბანკის გაკეთებას ვფიქრობდით. ერთი უნდა ყოფილიყო აგრობანკი, რადგან სოფლად კაპიტალის ბაზარი არ არსებობს. თავდაპირველად აგრობანკში თანხის ნაწილის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდებოდა, აგრეთვე შესაძლებელი იქნებოდა დონორების მოზიდვა და სხვა მექანიზმების გამოყენება. მეორე აუცილებლად შესაქმნელი ინსტიტუტი ექსპორტ-იმპორტის ბანკი იყო. ეს სპეციფიკური ბანკია, მისი ანალოგები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად, მეგობარ პოლონეთში. ეს ბანკი დიდ დახმარებას უწევს პოლონურ ბიზნესს საზღვარგარეთ საქმიანობაში. ასეთი ბანკი ჩვენც გვჭირდება, რადგან ექსპორტის განვითარება გვჭირდება ძალიან. მაგრამ კეთდება განვითარების ბანკი. თუ კონცეპტუალურად არ არის გაცნობიერებული, რას ვაკეთებთ განვითარებისთვის, შესაძლოა გვექნეს ბანკი, რომელიც სახელმწიფოს წამოწყებულ ზოგ პროექტს დააფინანსებს, მაგრამ ეს არ იქნება ინსტიტუტი, რომელიც გამოკვეთილად ქვეყნის ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

ძალიან არ მომეწონება, საქართველოს განვითარების ბანკს არასწორად შერჩეული მენეჯმენტი ეყოლება. თუ მას პოლიტიკოსები ჩაუდგებიან სათავეში, ეს კატასტროფა იქნება. საქართველოსთვის უფრო მოქნილი იქნებოდა რამდენიმე ნახევრადსახელმწიფო ბანკის შექმნა. ისინი კომერციული ბანკების კონკურენტები არ იქნებოდნენ, რადგან მათ სულ სხვა ფუნქცია აქვთ. საერთოდ, დღევანდელი ქართული საბანკო სისტემის შემხედვარე, თუ რეფორმატორული ცვლილება არ მოხდება და თუ ახალი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ასეთი საბანკო სისტემის ლობისტად დარჩება, ჩვენ ეკონომიკაზე უარი უნდა ვთქვათ. ასეთი საბანკო სისტემა ყველაზე დიდი ხელის შემშლელია დღეს ეკონომიკისთვის. ამიტომ ჩავდეთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგია "საქართველო 2020-ში" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ბანკების განვითარებასთან ერთად, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ვენჩურული კომპანიები და კერძო ფონდების სისტემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვინმესთან მივიდეს, საინტერესო, ნოვატორული, ახალი სამეცნიერო იდეები შესთავაზოს და დაფინანსებაც მიიღოს. როგორც წესი, ასეთ იდეებს მხოლოდ ვენჩურული კაპიტალი ჰკიდებს ხელს ან ისინი სახელმწიფო ფინანსირებით განხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამ კონცეფციის მონახაზი მთავრობას წინ უდევს და ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, განვითარების ბანკზე საუბრობს".

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ასეთი ბანკები დიდ როლს თამაშობენ რისკების შემცირებისთვის განვითარებად ეკონომიკებში. ბანკები უძღვებიან პროექტებს, სადაც ინვესტორები საგარანტიო ან სხვაგვარ მხარდაჭერას ითხოვენ.

საქართველოს განვითარების ბანკი არ უნდა იქცეს კომერციული ბანკების კონკურენტად და მხოლოდ საინვესტიციო ფუნქციები უნდა ექნეს. კანონმდებლობით მას არ აქვს დეპოზიტების მიღების უფლება, ხოლო სესხებს კომერციული ბანკების მეშვეობით გასცემს. ბანკს აუცილებლად უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიონალი ფინანსისტების გუნდი და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურა. თუ ასე მოხდა, გაიზრდება რისკი, რომ ბანკის მუშაობა შეიქნეს არაეფექტური და შესაძლოა, სტიმული კორუფციულ სქემებსაც მიეცეს. მსხვილი ბიზნესის გარდა, ბანკმა მხარი უნდა დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის პროექტებს, "სტარტაპებს". ასეთი მასშტაბის ბანკის შესაქმნელად, ვფიქრობ, ადგილობრივი საბიუჯეტო რესურსი საკმარისი არ იქნება, მაგრამ კერძო მოწილეთა თუ ინვესტორთა ვინაობა საიდუმლოდ არ უნდა დარჩეს.

პირველ ეტაპზე კარგი იქნება, განვითარების ბანკის მართვა გადაეცეს საპარტნიორო ფონდის დღევანდელ მენეჯმენტს ან მოიწვიონ გამოცდილი საფინანსო ინსტიტუტი მის სამართავად, რათა რამე საეჭვო გამოირიცხოს. ბანკმა უნდა შექმნას და აამოქმედოს ექსპორტის მხარდამჭერი ფინანსური ინსტრუმენტები. ამ კუთხით საინტერესო პროექტი შეიძლება იყოს სამიზნე ბაზრებზე "ქართული სახლების" პროექტის ორგანიზება, სადაც ქართული პროდუქცია გაიყიდება. ასეთ გზას სხვადასხვა ქვეყანში მიმართეს და საკმაოდ წარმატებულადაც".

ემა ტუხიაშვილი