მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
”ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს.
ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 თვეში უკვე გადალახულია იგივე ნიშნული და ვიზიტორების რაოდენობა 6.4 მილიონს შეადგენს.
”ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Check-in Georgia. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, სადაც განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანიები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ქუთაისის აეროპორტი კი გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ჰაბად.
”მნიშვნელოვანია, რომ ტურისტი არა მხოლოდ ჩამოვიყვანოთ საქართველოში, არამედ ასევე განვავითაროთ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა სტუმარი მარტივად მივიდეს ტურისტულ დანიშნულებამდე. ამ მიზნით დაგეგმილია და მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.