მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, ისეთი პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, ასობით ახალმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში და იმპორტის ჩანაცვლების პროცესში.
”უმნიშვნელოვანესია ის აგროპროექტები, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის წახალისების მიზნით უნდა აღინიშნოს UNESCO-ს მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ აღიარება მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის ფარგლებში ღვინის მუზეუმის საპატიო მასპინძელად, სადაც ქართული ქვევრი განთავსდა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.
”ეს იყო აღიარება ქართული ღვინის უნიკალურობისა, რაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა. ქართული ღვინის ასეთი აღიარება ახალ პერსპექტივებს უხსნის მას საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროგრამებზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ ინიცირებული იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინტრუმენტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს იმ მიდგომებს, რომელიც საქართველომ დანერგა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში.
”ეს არის იმავდროულად ჩვენს მიერ შექმნილი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების აღიარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.