პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქსტატი დასაქმების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რატომ აუკრძალეს საქსტატს დასაქმების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნება.
„საქსტატი ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა და შესაბამისად, მათ შესადარისი არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ შემდეგი წლიდან დაიწყებს საქსტატი ამის გამოქვეყნებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე გამოეხმაურა დეპუტატის შეფასებას ლარის კურსთან დაკავშირებით.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ თვითონ კურსის პროგნოზირება არის შეუძლებელი, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, თუმცა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ ვალუტა უნდა იყოს შესაბამისობაში“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"2016 წლის 28 სექტემბერს, ანუ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ლარის კურსი იყო 2.33, თქვენ თქვით, რომ ვალუტის კურსი იქნება სტაბილური მათ შორის არჩევნების შემდეგაც. შარშან, ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში, როდესაც თქვენ აქ წარმოადგენდით ბიუჯეტს, გვქონდა ანალოგიური მდგომარეობა, რაც დღეს. აქედან გამომდინარე, თქვენი განცხადება უფასურდება ლარის კურსთან დაკავშირებით იმავე წამს, როგორც თქვენ ამ ტრიბუნასთან დგებით და მოგვიწოდებთ მხარი დავუჭიროთ ბიუჯეტს. თქვენ უნდა გვითხრათ, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებთ, იტყუებით თუ არ გაქვთ შესაძლებლობა პროფესიონალური ანალიზი გააკეთოთ იმ მდგომარობის რაც ქვეყანაშია”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.