"ტიტანიკზე" დაწერილი უკანასკნელი წერილი 200 ათას დოლარად გაიყიდა

წერილი დაწერილია ესტერ ჰარტის მიერ, კატასტროფამდე  8 სთ-ით ადრე.

წერილი აუქციონზე Henry Aldridge & Son-მა გამოიტანა.  ვაჭრობა 101 000 ფუნტ სტერლინგზე გაჩერდა. ლოტს ზედნადების სახით თანხა დაემატა და ღირებულებამ 119 000 ფუნტი (თითქმის 200 ათასი დოლარი) შეადგინა, რაც აუქციონერების თქმით, რეკორდული მაჩვენებელია მსგავს წერილებს შორის.

"ეს წერილი უნიკალურია, რადგან "ტიტანიკის" ბორტზეა დაწერილი. მთავარი ისაა, რომ ის დაწერილია კვირას, 14 აპრილს აისბერგთან შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე",- ამბობს აუქციონერი ენდრიუ ოლდრიჯი.

bpn

წერილი იმის გამო გადარჩა, რომ ის მოთავსებული იყო მამაკაცის პალტოში, რომელიც ესტერს ქმარმა ნავში გადაჯდომის დროს გადასცა. ესტერის ქმარი ბენჯამენი კი დანარჩენ 1500 მგზავრთან და ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაიღუპა.

წერილი განკუთვნილი იყო ესტერის დედისთვის, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობდა. წერილში აღწერილია, თუ როგორ მშვენივრად მიდის მათი მოგზაურობა.  ესტერი წერს, რომ ნიუ-იორკში დათქმულ დროს ჩავლენ, რადგან ლაინერი რეკორდული სიჩქარით მოძრაობს. წერილს თან ესტერის 7 წლის ქალიშვილის, ევას მინაწერიც ერთვის.

წერილში ესტერ ჰარტი აღწერს, რომ მგზავრობისას ის ზღვის დაავადებამ შეაწუხა და რომ არ შეეძლო არაფრის ჭამა ან დალევა.  ესტერი ასევე, წუხილს გამოთქვამს, რომ ხომალდი ირყევა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ლაინერის რეკლამირებისას ამბობდა, რომ ხომალდს სტაბილიზაციის სპეციალური სისტემა გააჩნდა, რის გამოც ის ნაკლებ ირხეოდა.

"მატროსები ამბობენ, რომ ცურვა შესანიშნავად მიდის",- წერს წერილის ბოლოს ესტერი.

როგორც ცნობილია, ტიტანიკი 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ხომალდი საუტჰემპტონიდან ნიუ-იორკში მიემართებოდა და პორტიდან გასვლიდან მეხუთე დღეს ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა.