სინგაპურის აეროპორტში მსოფლიოში პირველი ტერმინალი გაიხსნა, სადაც პერსონალი არ ჰყავთ

სინგაპურის ჩანგის აეროპორტში რეგისტრაციის ავტომატიზირებული სისტემა ჩაუშვეს.

აეროპორტის ახალ ტერმინალში მისულ მგზავრებს მხოლოდ ტერმინალები ხვდებათ, სადაც ავტომატურად ხდება მგზავრის რეგისტრაცია, საპასპორტო კონტროლი და ბარგის კონტროლი.

ახალი ტერმინალის ღირებულება სინგაპურის აეროპორტს 723 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტერმინალი ჯერჯერობით, საპილოტე რეჟიმში მუშაობს. აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, სრულად ამუშავების შემთხვევაში, ტერმინალი წელიწადში 16 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

2017 წელს ჩანგის აეროპორტი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად დასახელდა ბრიტანული კომპანია Skytrax-ის რეიტინგით. „მომავლის ტერმინალის“ გარდა, ჩანგის აეროპორტის მე-3 ტერმინალში ექვსმეტრიანი ჩანჩქერია, სადაც 40 სახეობის ტროპიკული პეპელაა. N1 ტერმინალის სახურავზე აუზი და ჯაკუზია განთავსებული, მეორე ტერმინალის მგზავრებს აეროპორტი იშვიათი ჯიშის ორქიდეების კოლექციას სთავაზობს, ასევე მგზავრებისთვის მოქმედებს უფასო კინოთეატრი.

აეროპორტის წარმომადგენელთა თქმით, წელს აეროპორტი ორი რეკორდის დამყარებას გეგმავს - გაზარდოს მგზავრთნაკადი 58,7 მილიონ ადამიანამდე და კვირაში 19 მიმართულებით 130 ახალი რეისი დაამატოს.