ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებს მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე განვახორციელებთ

საკადრო ცვლილებებს აუდიტის სამსახურში მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე განვახორციელებთ, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, არავითარი პოლიტიკური მოტივაცია აუდიტის სამსახურში თანამშრომლების შეცვლასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აუდიტის სამსახურის ეფექტიანობა გაიზარდოს, ვიყოთ აბსოლუტურად გამჭვირვალე რეჟიმში. ცვლილებებს განვახორციელებთ მხოლოდ სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება გენერალური აუდიტორის მოადგილეების გათავისუფლებას, ახალი გენერალური აუდიტორის დამტკიცებისთანავე ყოფილი გენერალური აუდიტორის მოადგილეების უფლებამოსილება შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე წმინდა მენეჯერული თვალსაზრისით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი სამსახური გამხდარიყო გაცილებთ ძლიერი და გაცილებით მოქნილი. არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და ვფიქრობ, მე და ჩემი ახალი გუნდი აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური გახდეს გაცილებით ეფექტური, გაცილებით ძლიერი“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.