"ვოგის", "ჰარპერს ბაზაარისა" და კიდევ სხვა მოდური გამოცემების სახე ფრედერიკე ვან დერ ვოლი "მამულ-დედულის" სტუმარია.
ცნობილი ჰოლანდიელი მოდელი, სამოდელო კარიერის პარალელურად, ყვავილების სიყვარულს ბავშვობიდან, უფრო კონკრეტულად კი, მისი სამშობლოდან ატარებს. 2005 წელს ჰოლანდიაში მისი სახელი შროშანს უწოდეს და "ფრედერიკეს არჩევანი - შროშანი" ამსტერდამში წარმოადგინეს. შემდეგ მოდელმა შექმნა ყვავილების ინდუსტრიაში ბრენდი "ფრედერიკეს არჩევანი". ბიზნესი იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ 2011 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიწვეულ ლექტორად დაასახელა, ხოლო ჟურნალმა Marie Claire-მა "წლის მეწარმის" ტიტული მიანიჭა. როგორ გადაწყვიტა ყვავილების ბრენდის შექმნა და რით არის კომპანია უნიკალური, თავად ფრედერიკე ვან დერ ვოლი უამბობს "კვირის პალიტრის" მკითხველს:
"ჰოლანდიის მთავრობამ შროშანს ჩემი სახელი უწოდა"
ჰოლანდიაში დაბადება და ცხოვრება ყვავილის გაზრდას ჰგავს. ჩემი ოჯახისთვის ყვავილები ცხოვრების ნაწილია. ჰოლანდიაში ზამთარ-ზაფხულ ყვავილობენ მცენარეები, თუმცა, გაზაფხული განსაკუთრებულია. დიდებულია ამსტერდამი თავისი არხებით, ჩამწკრივებულ კალათებში აყვავებული მცენარეებით.
როცა მოდელობა დავიწყე და ამერიკაში გადავსახლდი, მომენატრა ის, რაც ჩემს ქვეყანაში მიყვარდა - რა თქმა უნდა, ყვავილები. ნიუ-იორკში მცენარეები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად არ მიაჩნიათ, მე კი ყოველთვის მინდოდა, შინ დაბრუნებულს ყვავილები დამხვედროდა. ყვავილებიანი სახლი უფრო მეტად ჰგავს სახლს.
სამოდელო კარიერაში წინ მივიწევდი და 2005 წელს ჩემი საქმიანობის დასაფასებლად ჰოლანდიის მთავრობამ შროშანს ჩემი სახელი უწოდა - მიმიწვიეს სათბურში, რამდენიმე ყვავილი მაჩვენეს და მათ შორის ავირჩიე... ამიტომ ჰქვია კომპანიას "ფრედერიკეს არჩევანი".
მერე გავეცანი, როგორ ახარებენ ამ ყვავილს და გამიჩნდა იდეა, "დისკავერიზე" შემექმნა დოკუმენტური ფილმი - მცენარის ყვავილობიდან ლარნაკის ყვავილებამდე. გავაკეთეთ რამდენიმე გადაცემა შროშანზეც, სახელგანთქმულ კიოკენჰოფის პარკში გადავიღეთ. კიოკენჰოფი ყვავილების სამეფო პარკია ნიდერლანდებში, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ამ ზღაპრულ სივრცეში ტურისტები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. ამ სილამაზემ მიბიძგა ბრენდის "ფრედერიკეს არჩევანი - შროშანი" შექმნისკენ.
ფრედერიკეს ბრენდი
10 წელიწადი სჭირდება შროშანის ახალი ჯიშის გამოყვანას. "ფრედერიკეს არჩევანი - შროშანი" მიეკუთვნება აზიურ სახეობებს (Aსიატიც ლილყ). შროშანების ელეგანტურობა დროს უძლებს, მათი სილამაზე მუდმივია. დიდი პატივი იყო, რომ ბრენდს "შროშანი" დაარქვეს ჩემს პატივსაცემად. ეს ჩემი საყვარელი ყვავილია.
უნიკალური შეფუთვა
ონლაინშეკვეთებისას ყვავილების სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნა რომ გაგვეადვილებინა, შევიმუშავეთ მეთოდი. თაიგული, რომელიც მომხმარებლამდე მიაღწევს, ახალმოწყვეტილს უნდა ჰგავდეს. ამისათვის ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ლარნაკს და ასეთივე რეზინს ლარნაკის გარშემო, რათა ყვავილები ხანგრძლივად შეინახოს წყალში. ბიოდეგრადირებადია ყუთიც. პროცესში უამრავი სელექციონერია ჩართული. ყვავილებს ჰოლანდიაშივე ვფუთავთ და ამისთვისაც ბიოდეგრადირებად მასალებს ვიყენებთ. თაიგულის გაფორმებაში პირადად ვარ ჩართული. ეს მეტად სასიამოვნოა. თავდაპირველად, ვცდილობთ თაიგული ერთი ფერის ყვავილებით შევკრათ - შეიძლება იყოს მოვარდისფრო, მოწითალო, მოცისფრო, მოთეთრო. შემდეგ ვამატებ რამდენიმე ფერად ყვავილს... ყვავილები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ყოველდღიური ქაოსისგან თავის დასაღწევად პატარა დეტალმაც კი შეიძლება გაგვაბედნიეროს.
პერსონალური თაიგულები
კვლევების თანახმად, მცენარე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. როცა წარმოება დავიწყეთ, შევქმენით ე. წ. განწყობისა და ჰოროსკოპის თაიგულები. ამგვარ თაიგულებს აშშ-შიც ვუშვებთ, ხელშეკრულება გვაქვს ერთ-ერთ კომპანიასთან.
მინდა, გავაკეთო პერსონალური, ინდივიდუალური თაიგულები, კონკრეტულ პიროვნებას რომ შეესაბამებოდეს. ჩემი კომპანიის იდეა ადამიანებისთვის ყვავილებისადმი სიყვარულის გაზიარებაა. მინდა ყველამ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარე ჩვენს ცხოვრებაში.
ყვავილების მოვლა
ყვავილების მოვლას დიდ დროს ვუთმობ. ახალდაკრეფილ ყვავილს დიაგონალურად ვაჭრი რამდენიმე სანტიმეტრს. შემდეგ ვათავსებ წყლიან ლარნაკში. ძალიან უხდება ცოტაოდენი სასუქიც. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დიაგონალურად ვაჭრი რამდენიმე სანტიმეტრს ისე, რომ ღერო ძალიან არ დამოკლდეს და წყალსაც ვაახლებ. ამ მეთოდით მოვლილი ყვავილი გვიან ჭკნება. ზოგიერთი ყვავილი ძალიან დიდხანს ძლებს და მენანება გადასაყრელად, რა თქმა უნდა, ამ დროს თაიგული თანდათან მცირდება. შინ სულ მაქვს მცენარეები, ჩემი შვილის საძინებელსაც მუდმივად ვრთავ ყვავილებით... ხშირად მეკითხებიან, ალბათ, თავსაც ისევე უვლით, როგორც ყვავილებსო. ფორმის შესანარჩუნებლად იოგას ვარჩევ. დავიწყე SLT-ს ვარჯიშებიც, რომლებიც პილატესზეა დაფუძნებული. მიყვარს ლაშქრობებში სიარული და ბუნება. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს - როცა შეშლილი ქალაქის დატოვება შემიძლია. ღამით ყოველთვის ვისუფთავებ სახეს და სხვადასხვა საცხს ვისვამ. უნდა ვაღიარო, ჭამა ძალიან მიყვარს, მთავარია, ზომიერება დაიცვა. ბოლო რამდენიმე წელიწადია უფრო კარგად შევისწავლე, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა საკვები ადამიანზე. ამიტომაც ხორცს იშვიათად ვჭამ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ცხოვრებით ტკბობაა. ხშირად გაიღიმეთ და იცხოვრეთ ისე, როგორც მცენარე ყვავილობს.
ნინო წიფურია
წყარო: „კვირის პალიტრა"