საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

როგორც გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი. მისივე თქმით, ტენდერი გამოცხადებულია საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 5.7 კილომეტრი და მასში შედის ასევე ერთი სახიდე გადასასვლელი.

სეთურიძის განცხადებით, პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918 ლარია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით, 5 სატენდერო მონაკვეთად დაიყოფა. მისივე თქმით, აღნიშნული გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს.

გიორგი სეთურიძის განცხადებით, აღნიშნული საავტომობილო გზის დასრულების თარიღი 2020 წლის ბოლოა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ეფექტური მუშაობის შემთხვევაში მისი დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე მოხდება.

„იმისთვის, რომ დღეს ამბროლაურში და შემდეგ ონში მოვხვდეთ, საჭიროა ჩავიდეთ თერჯოლამდე, შემდეგ თერჯოლიდან ნაქერალას უღელტეხილით მივიდეთ ამბროლაურში და შემდგომ ამბროლაურიდან ავიდეთ ონამდე. ეს გზა დაახლოებით, 4 საათზე მეტს მოიცავს. როცა გზის მშენებლობა მოხდება, თბილისიდან ონამდე ავტომობილს დაახლოებით, 2 საათ-ნახევარი დასჭირდება, ანუ თბილისიდან ონამდე მგზავრობა 2 საათით შემცირდება“, - განაცხადა სეთურიძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სხვადასხვა გზის რებილიტაციებსა და ახალის მშენებლობაში საერთო ჯამში დაახლოებით, 200 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა იგეგმება, ხოლო რაც შეეხება დონორების თანხებს, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.