„ინდექსაცია ყველაზე სამართლიანი გზაა პენსიის რაოდენობის განსაზღვრისთვის“
2019 წლიდან საქართველოში მცხოვრები პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 200-ლარიან პენსიას მიიღებენ, პენსია 20 ლარით მოიმატებს 2020 წელსაც. შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ კვირას გააკეთა. მანვე წარადგინა საბაზო პენსიის ინფლაციასთან ინდექსაციის რეფორმა, რომლის მიხედვითაც მომავალში პენსიები ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. 2018 წელს კი, პენსიის გაზრდა არც ერთი თეთრით არაა დაგეგმილი, სანაცვლოდ, პარლამენტში შევიდა საპენსიო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.
ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჩვენში პენსიისადმი მიდგომა არქაულია, რადგან პენსიის ზრდა მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
"პენსიის რაოდენობის განსაზღვრისთვის ინდექსაცია ყველაზე კარგი მეთოდია და თუ ამას მივაღწევთ, მისასალმებელია, ოღონდ, ინდექსაცია ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი არის 6,4%, პენსიაც ამ მაჩვენებლის მიხედვით უნდა გაიზარდოს, ოღონდ დროულად და არა ორი წლის შემდეგ. არავინ იცის 2019-2020 წლებში ინფლაცია რამდენი იქნება, ამიტომ ჩემი აზრით, პენსიის 20 ლარით გაზრდას ინდექსაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს, უბრალოდ, ეს არის მთავრობის კეთილი ნება, რომ პენსიონერებს ხვედრი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტის შემოსავლების სულ უფრო მეტი ნაწილი მიდის პენსიების გასტუმრებაზე, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სერიოზული ტვირთი და პრობლემაა. კარგია, თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება", - აღნიშნავს ვაჟა კაპანაზე.
ანალიტიკოსის აზრით, 2017 წელს პენსიონერები დაზარალდნენ, რადგან ათლარიანი დანამატი ინფლაციამ „შეჭამა“.
"მართალია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პენსია 10 ლარით გაიზარდა, მაგრამ ამით დიდი არაფერი შეცვლილა. ინფლაციის გამო პენსიამ მსყიდველობითი უნარი დაკარგა და პენსიონერები დაზარალდნენ. წესით, პენსია ინფლაციის გათვალისწინებით უნდა იზრდებოდეს, რადგან ეს არის ყველაზე სამართლიანი გზა. ჯერჯერობით კი, ინდექსაცია არაფერ შუაშია - მთავრობა პენსიას იმდენად ზრდის, რამდენადაც ახერხებს. რას შეცვლის 2019-2020 წლებში პენსიის 20-20 ლარით გაზრდა? - ეს 20 ლარი სულ არარაობას ჯობია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს თანხა ინფლაციურ დანახარჯებს აანაზღაურებს", - მიიჩნევს ვაჟა კაპანაძე.
მისი თქმით, საქართველოში სოციალური დახმარება გაიცემა და არა - პენსია:
"მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ეს არ არის პენსია, ეს უფრო სოციალური დახმარებაა. ის არც სტაჟზეა დამოკიდებული და არც პენსიონერის მიერ გადახდილ გადასახადებზე. საქართველოში ერთნაირი პენსია აქვს იმას, ვინც მთელი ცხოვრება შრომობდა და იმას, ვისაც საერთოდ არ უმუშავია. ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა - რატომ აირჩიეს მაინც და მაინც 2019-2020 წლები პენსიების გასაზრდელად? – ალბათ იმიტომ, რომ 2020 წელს არჩევნები მოდის და მთავრობა ცდილობს ამ ადამიანების გული მოიგოს. სავარაუდოდ, ამის გამო მიიჩნიეს, რომ 2019-2020 წლებში პენსიის მომატება უფრო კარგი იქნება, ვიდრე 2018 წელს, როცა არანაირი არჩევნები არ ტარდება. ასე რომ, პენსიის ზრდა ჩვენში ხშირად პოპულისტური გადაწყვეტილებაა და არა - აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი", - ამბობს ვაჟა კაპანაძე.
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდილობს პენსიონერების კეთილგანწყობა მოიპოვოს.
"ზოგადად კარგია, როცა ხელისუფლება პენსიონერების შემოსავალზე ზრუნავს და სურს მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილგანწყობა მოიპოვოს, თუმცა 200 ლარი ნამდვილად არ არის ღირსეული სიბერისთვის სამყოფი თანხა. ჩნდება კითხვა - იქნება თუ არა 2019 წელს 200 ლარი იმავე მსყიდველობითი უნარის მქონე, როგორც ახლანდელი 180 ლარია? ამის საპასუხოდ, პარალელი 2016 წელთან უნდა გავავლოთ: შარშან პენსია 170 ლარი იყო და მთავრობამ 10 ლარით გაზარდა. რა თქმა უნდა, ეს ყველამ პოზიტიურ მოვლენად მიიჩნია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს ინფლაციამ 6%-ს გადააჭარბა, ამ 180 ლარის მსყიდველობითუნარიანობა აშკარად შემცირდა: პენსიას 10 ლარი კი დაემატა, მაგრამ დაახლოებით 11 ლარით შემცირდა მისი მსყიდველობითი უნარი. საბოლოო ჯამში, შარშანდელი 170 ლარით პენსიონერს უფრო მეტი რამის ყიდვა შეეძლო, ვიდრე ახლანდელი 180 ლარით იყიდის", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ინფლაციას და ლარის გაცვლით კურსს ყურადღებას არ მიაქცევს, ფორმალურად პენსია შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მისი მსყიდველობითი უნარი კიდევ შემცირდება.
"თუ ხელისუფლება ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ყურადღებას არ მიაქცევს, პენსიის მომატებით რეალურ შედეგს ვერ მიიღებს, ან მიიღებს მაშინ, თუ ინფლაცია 0 პროცენტი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია 0% ვერ იქნება, მივიღებთ იმას, რაც შარშანდელმა 10-ლარიანმა დანამატმა მოიტანა. სამწუხაროდ, მთავრობა ყურადღებას არ აქცევს, როდესაც ლარი უფასურდება, ან როცა ინფლაცია მატულობს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის გაუფასურების პარალელურად ყველაფერი ძვირდება, ამიტომ ეს 20 ლარი ჩვენი პენსიონერების ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ხათუნა ჩიგოგიძე