აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა

აფხაზეთიდან რუსეთში წელს 35 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.

ადგილობრივების თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს მანდარინის ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია.

"შარშან, ამავე პერიოდში, ციტრუსის ექსპორტის დაახლოებით 200 ტონა იყო, წელს კი, 35-ს დავჯერდით. ჩვენი სპეციალისტების თქმით, ციტრუსის რაოდენობის შემცირება, აზიურ ფაროსანასა და ამინდს უკავშირდება", – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აფხაზეთში ჰუმანიტარული ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" ჩატარებული მოკვლევის დასკვნით, ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კატატროფულად მაღალია. ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმსა და გულრიფშში, მოსავალი საერთოდ ვერ აიღო.

ადგილობრივების განმარტებით, ფაროსანა მანდარინის ნაყოფს გარედან არის შესეული, რის გამოც მანდარინის ლებნები გამოწურულია. კანიც გამომშრალია, ხახვის ქერქივით არის. ოჩამჩირეში ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი სულ უფრო მატულობს. უხარისხოა ლიმონი, ფორთოხალი და გრეიფრუტიც.

"ადრე, აფხაზები რუსებთან ერთად მოდიოდნენ, კარგი ხარისხისას არჩევდნენ, შედარებით დაბალ ფასს გვიხდიდნენ და ერთიანად მიჰქონდათ. ახლა ხელსაც არ ჰკიდებენ იმდენად უხარისხოა", - ამბობს საბერიოში მცხოვრები ქართველი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არაერთხელ შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. ე.წ. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ დაუროვი აცხადებს, უკვე დაიხარჯა 8 მილიონი რუსული რუბლი. მისი ინფორმაციით, მიღებული მასალა სოფლებში დარიგდება და შეწამვლის სამუშაოები ზაფხულში განახლდება.

ლალი პაპასკირი