მიწისქვეშა გადასასვლელებში შესაძლოა, ვიდეოკამერები დამონტაჟდეს

მიწისქვეშა გადასასვლელებში შესაძლოა, ვიდეოკამერები დამონტაჟდეს.

შესაბამისი დავალება თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას დღეს მისცა. კალაძემ თბილისში არსებული რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ვიდეოკონტროლი, რათა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების შემდეგ კონკრეტულმა პირებმა ისინი ისევ არ დააზიანოს.

„ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან სტანდარტს საკრებულოსთან ერთად, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის, რაც არის დღეს - შეუძლებელია პირბადის გარეშე გაიარო. იყო გაკეთებული, განა არ იყო, მაგრამ დაანგრიეს, გატეხეს, ჩამოგლიჯეს, კამერები მოიპარეს და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ახლა თავიდან უნდა გავაკეთოთ. სანამ კამერებს გავაკეთებთ, დავაყენოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაფერში დაგეხმარებათ, რომ რასაც გააკეთებთ, ისევ არ დაზიანდეს“, - მიმართა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს და განმარტა, რომ „კონტროლი საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში“.