თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდას „საჭიროდ“ მიიჩნევს.
„საჭიროა. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე და ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი, მათი თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით - მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ქუჩაში ნაგვის გადაყრა, სიგარეტის გადაგდება და ა.შ.
„მესმის, რომ ეს რთული გვეჩვენება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია ყველაფერი“, - აღნიშნა თბილისის არჩეულმა მერმა.