„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა დააანონსა. პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია.
როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,
ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება.
პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებელობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტ კლუბის გასწვრივ განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრეს ცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათვლებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ არაერთ პროექტში, მათ შორის სასტუმრო „რადისონში.“
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, არც თბილისში და არც ბათუმში პროექტები არ შეგვიჩერებია და 2009 წელს თბილისში და 2011 წელს ბათუმში გავხსენით „რადისონის“ ბრენდის სასტუმროები. 2012 წელს ჩვენი მოწვევით საქართველოს ესტუმრა დონალდ ტრამპი, “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციისთვის. ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით, საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენ გუნდს არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე. ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში”, - აცხადებს გიორგი რამიშვილი.
"დიდ მადლობას ვუხდით „სილქ როუდ ჯგუფს“ პარტნიორობის შემოთავაზებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ბათუმს მომავალშიც შეემატება ასეთი საინტერესო და მიმზიდველი პროექტები”, - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.