მსოფლიო ბაზარზე დოლარის ფასი გაიზარდა, ევრო სამთვიან მინიმუმზე ჩამოვიდა

დღევანდელი სავაჭრო სესიის დროს, დოლარი ექვსი ძირითადი ვალუტისგან შემდგარი კალათის მიმართ გაიზარდა, რაც დოლარზე განაკვეთის აწევის მოლოდინს და აშშ-ის საგადასახადო რეფორმის პროგრესს უკავშირდება.

იმავდროულად, ევრომ კლება გააგრძელა და ბოლო სამი თვის მინიმუმზე ჩამოვიდა.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან ჯამურ კურსს გამოსახავს, 0.37 პროცენტით, 94.97-მდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ბაზარი დეკემბერში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდას (წელს მესამედ) მოელის. ასეთ მოლოდინს, შეერთებული შტატების ეკონომიკის დადებითი სტატისტიკური მონაცემები განაპირობებს.

რაც შეეხება საგადასახადო რეფორმას, მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები მალე მას განსახილველად გამოიტანენ. მისი გატარების შემთხვევაში, ეს იქნება 1980-იანების შემდეგ, აშშ-ის საგადასახადო სისტემის ყველაზე მასშტაბური რეფორმა. გარდა ამისა, ეს იქნება საკანონმდებლო სფეროში რესპუბლიკელების პირველი დიდი მიღწევა მას შემდეგ, რაც მათ თეთრ სახლში და კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს. გარდა ამისა, ინვესტორების ყურადღების ცენტრშია მოქცეული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზიური ვოიაჟი.

დოლარი 0.46 პროცენტით გაიზარდა იაპონურ იენთან წყვილში - ერთი დოლარის ფასმა 114.21 იენს მიაღწია. ორშაბათს ამავე წყვილის ფასი 114.73 იენი იყო, რაც მარტის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. იენის დასუსტებას იწვევს იაპონიის ბანკის მიერ რბილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება.

რაც შეეხება ევროს, ის დოლართან წყვილში 0.36 პროცენტით, 1.1552-მდე შემცირდა, რაც ივლისის შემდეგ, უდაბლესი მაჩვენებელია. ევროს დასუსტებას, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის შესაბამისადაც, ბანკი აქტივების შესყიდვის პროგრამას, მომავალი წლის სექტემბრამდე გააგრძელებს.