„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავება და ე.წ. კერხერის აპარატით მორეცხვა.
მათივე ინფორმაციით, პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისა და განათების დამონტაჟების თხოვნით გუშინ ახალ არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ მიმართა. კალაძე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში წუხელაც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის კომპანიას მადლობა გადაუხადა,
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფს“, ადამიანებს, ვინც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. მიმდინარეობს განათების სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ზოგადად, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი ქვეითად მოსიარულე ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, არსებული მდგომარეობა უნდა იყოს გამოსწორებული. მთავარია ნება. თანადგომა არის საზოგადოების მხრიდან ამ მიმართულებით.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მოწესრიგება ძალიან მალე დასრულდება და შემდეგი ნაბიჯი იქნება მოხატვა, რომელშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს ქალაქის მოწესრიგებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ გუშინ ღამით.