სახელმწიფო დაფინანსებას, სავარაუდოდ, ოთხი პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო. ხმათა ეს რაოდენობა მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით გამოიანგარიშება.

კანონის ამ პრინციპის გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: - “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა “მრეწველებს“ იმ 300 000 - ლარიან დაფინანსებას, რომელსაც “მრეწველთა პარტია“ “ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს. თავად კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, “მრეწველთა პარტია“ ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს.

რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება “ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში “ევროპულ საქართველოსთან“ ერთად იყო წარმოდგენილი.

საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩება შემდეგი პოლიტიკური პარტიები: - “ქართული ოცნება“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, “თავისუფალი საქართველო“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“.

პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება. პარტიის დაფინანსების უფლება წარმოიშობა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის მომდევნო დღიდან, აგრეთვე საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.