დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის თქმით, სეზონის სხვა ციტრუსთან შედარებით, წელს ფეიხოას კარგი მოსავალია.
ადგილობრივების თქმით, ფეიხოას ჩასაბარებელი ფასი ერთი ლარიდან იწყება და 3.50 ლარამდეც ადის.
"ეტყობა, ჯერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაროსანამ ციტრუსამდე ვერ მიაღწია და შესაძლოა, ამიტომაც გადავრჩით. თუმცა, მოსახლეობას თხილთან და მანდარინთან შედარებით, ფეიხოა მცირე რაოდენობით აქვს. რას ვიფიქრებდით, რომ რეალობა ასე შეიცვლებოდა", - ამბობს ზუგდიდელი ფერმერი.
მისივე თქმით, ზოგიერთმა მეწარმემ ერთი კილოგრამი ფეიხოა 5 ლარადაც კი გაყიდა და მცირე რაოდენობით ევროპის ქვეყნებშიც გაიტანეს.
"სანამ დარბილდება, უნდა მოვასწროთ და დავკრიფოთ, თორემ, არავინ იცის რა მოხდება, რა სოკო ან მავნებელი შეეყრება. რასაც ვერ ვიტყვი, კივზე. დამწიფება კი არა, ნაყოფმა ზრდის დასრულება ვერ მოასწრო, ისე ჩამოყარა", - აცხადებს სოფელ კახათის მკვიდრი ნაირა ლოგუა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ფეიხოსგან განსხვავებით, პრაქტიკულად, იზარალეს კარალიოკი და ხურმის გამო. "ერთი ცალიც არ მოგვიწყვეტია კარალიოკი და ხურმა. ჯერ კიდევ მწვანე, აგვისტოს თვეში ჩამოყარა. არადა, ბოლო რამდენიმე წელია, თურქები დადიოდნენ, ორივეს, თავად კრეფდნენ და ყუთებით მიჰქონდათ", - ამბობს ზუგდიდელი დაურ კვარაცხელია.
ლალი პაპასკირი