ნავთობი განუწყვეტლივ ძვირდება, რაც ქართველ მომხმარებელს დიდ პრობლემას უქმნის.
თუკი მსოფლიო ბაზარზე ფასი ამ დონეზე შენარჩუნდა და ლარის გაუფასურებაც გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში საწვავი ავტოგასამართ სადგურებში 10 თეთრით გაძვირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის 2,60-იან ნიშნულზე დასტაბილურების შემთხვევაშიც კი ფასი გაიზრდება.
ზედიზედ რამდენიმე თვეა, საერთაშორისო ბირჟებზე თითქმის ყველა ნავთობპროდუქტის ფასი მატულობს. ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები ოპეკ-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეთანხმების პირობას მიიჩნევენ, რის საფუძველზეც ნავთობის მოპოვება მცირდება.
უცხოელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბუნ სალმანის განცხადება, რომ ოპეკ-ი დაეთანხმება ნავთობის შეზღუდული რაოდენობით მოპოვების 2018 წლის მარტამდე გახანგრძლივებას, რაც ბაზარზე არსებული ნედლი ნავთობის მარაგის შემცირებას შეუწყობს ხელს ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რასაც აშშ-ის ფაქტორიც ემატება და, საბოლოო ჯამში, საწვავის გაძვირებას განაპირობებს. ამჟამად 1 ბარელი ნედლი ნავთობი 64 დოლარი ღირს, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმია.
ცალკე უნდა აღინიშნოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ნავთობის გაძვირების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამდენჯერმე ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაც.
ამ ყველაფრის ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე უკვე 611 დოლარს შეადგენს, ხოლო 1 ტონა დიზელის შემთხვევაში 564 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,87 ლარს შეადგენს, ხოლო დიზელისა – 1,89 ლარს. საწვავის საბითუმო ფასი კიდევ უფრო მაღალია.
კომპანია "სეტას" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ფასებს ადგილობრივ ბაზარზეც დააკორექტირებენ და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავი 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ადგილობრივ ბაზარზე გავლენა ლარის კურსმა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა მოახდინა.
"ბოლო პერიოდში ლარი უფასრუდება დოლართან მიმართებით, რაც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს საწვავის ფასზე საქართველოში. საბოლოო ჯამში, გაცვლითი კურსი და საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს ნავთობპროდუქტების ღირებულებას ადგილობრივ ბაზარზე. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით სახეზეა საერთაშორისო ფასის ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ერთ კონკრეტულ მიზეზთან.
პარალელურად, ლარის ვარდნას ვაკვირდებით, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის ნეგატიური მოვლენაა. არ ვიცით, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. თუკი კურსი დასტაბილურდება, ამას იგრძნობს ბაზარიც, სხვა მხრივ, არასასიამოვნო ტენდენცია გაგრძელდება და ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.
საწვავის მოსალოდნელ გაძვირებას ქართველი ანალიტიკოსებიც ადასტურებენ.
"ტრანსლოჯისტიკის" დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი განმარტავს, რომ ცალკე კურსის, ცალკე საერთაშორისო ფაქტორის გამო, იმპორტიორებს თვითღირებულების ხარჯი ეზრდებათ.
"ბაზარზე რთული ვითარებაა. ადგილობრივ კომპანიებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. კურსის ცვალებადობა საწვავს ფასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არ გამოვრიცხავ, რომ თვითღირებულების ხარჯიც გაიზარდოს. აქციზის ზრდის გავლენა თავიდან არ ყოფილა საგრძნობი, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირებული იყო.
ახლა იმპორტიორებს საკმაოდ მძიმე დრო უდგათ. ახალი პარტიები საკმაოდ ძვირად აქვთ შეძენილი, რაც უმოკლეს ხანში შიდა ქსელზეც აისახება. ვფიქრობ, საწვავი კიდევ გაძვირდება. შესაძლოა, მყისიერად არ მოხდეს ასახვა, მაგრამ ცვლილება გარდაუვალია. თუკი ქვევით წავა ლარი და გამყარებას დაიწყებს, ვითარება აშკარდა ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. ყოველ შემთხვევაში, უცხოურ ბაზრებზე გაზრდილი ფასის გავლენა ბაზრისთვის არ იქნება მტკივნეული.
ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა პროგნოზის საშუალებაც აღარ არის. კურსი რას იზამს, არ ვიცით. ასეთი არასტაბილური მდგომარეობა უკვე სამ წელია, გრძელდება. ვალუტის არაპროგნოზირებადი ცვალებადობის გამო, იმპორტიორები სოლიდურ ზარალს იღებენ, მაგრამ, რატომღაც, აქტიურად არ განიხილება ეს საკითხი. აუცილებელია ითქვას პრობლემის შესახებ და მოიძებნოს გადაჭრის გზები. უნდა გაუმჯობესდეს იმპორტიორების მდგომარეობა, რაც საბოლოო სამომხმარებლო ბაზარზეც პოზიტიურად აისახება", - აცხადებს თარიმანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წელს ინფლაციის ზრდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სწორედ საწვავის გაზრდილ ფასს დაუკავშირა:
"წელს ინფლაციის ზრდა მეტწილად თამბაქოსა და საწვავზე ფასების ზრდას უკავშირდება, რაც აქციზის გადასახადის ზრდითა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებით არის განპირობებული", - აღნიშნა მან.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ოქტომბერში ინფლაციამ 6.4% შეადგინა, რაც სებ-ის სამიზნე 4%-ზე მაღალია. საწვავის მორიგი გაძვირება, რასაც სურსათზე ფასების ზრდა მოჰყვება, ინფლაციის მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუარესებს.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"