მთავრობის მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი შეთქმულებაა მოქალაქეების წინააღმდეგ.
ამის შესახებ პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მთავრობისა და ბანკების წინასწარ გააზრებული ფინანსური სქემა, რომლის მიზანია ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფა რიგითი მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით ლარით და ამას დამატებული ნულოვანი პასუხისმგებლობით.
„მთავრობა და ბანკები, მსხვილი ბიზნესისა და ჯიბის ექსპერტების მხარდაჭერით, უსინდისოდ სარგებლობენ მოქალაქეების გაუთვითცნობიერებლობით და მათზე ზრუნვის საფარქვეშ ცდილობენ მრავალწლიანი მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას. ნებისმიერი მოქალაქისთვის რომ გასაგები იყო, რა მასშტაბის ფინანსურ ინტერესებზეა საუბარი, გავაკეთებ შემდეგ განმარტებას - სავალდებულო საპენსიო სისტემა გულისხმობს დღეს დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების 6%-ის გაშვებას სპეციალურ სახელმწიფო ფონდში. რადგან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%, 2019 წელს როდესაც სავალდებულო დაგროვებითი სისტემა გაშვებული იქნება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი ანუ დაახლოებით 1 მილიარდი.
ხელისუფლების მიერ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში. კანონპროპექტი ისეა შედგენილი, რომ 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონი ლარიდან უცხოეთში შეიძლება მხოლოდ 180 მილიონი ლარი გავიდეს, დანარჩენი 720 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში. აქედან 144 მილიონ ლარამდე ანუ 20%-მდე შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში, აქ ჩანს ქართული მსხვილი ბიზნესის ინტერესი ნათლად. 720 მილიონი ლარიდან 100% შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით - აქ ჩანს მთავრობის ინტერესი. 2013 წლიდან დღემდე ნასესხები შიდა ვალის ჯამური მოცულობა არის 2 მილიარად 218 მილიონი ლარი. ეს ვალებია, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გაისტუმრონ. 675 მილიონ ლარამდე ანუ 75%-მდე შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე, აქ ნათლად ჩანს კომერციული ბანკების ინტერესები. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მოხლოდ 2019 წელს.
წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზე გავლენ ისინი თუ ეს სისტემა იმუშავებს 30-40 წლის განმავლობაში ეს არის ამ რეფორმის რეალური არსი. კონკრეტული დიდი ფული, რომელიც უნდა ამოვიდეს მოქალაქეების ჯიბეებიდან და თავი მოიყაროს ვიღაცეების ანგარიშებზე, არანაირი სიბერეზე ზრუნვა, არანაირი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, არანაირი ფასიანი ქაღალდების განვითარება. ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.