ოთხმა პარტიამ, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2016 წლის არჩევნების საფუძველზე ჯამურად, 2,5 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო

იმ კვალიფიციური სუბიექტებიდან, რომელიც სტატუსის დაკარგვასთან ერთად, საბიუჯეტო დაფინანსებსაც კარგავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე სოლიდურ თანხას “მრეწველები“ იღებს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის გათვალისწინებით, ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს საბიუჯეტო თანხა ორი გზით - ცესკოს მეშვეობითა და ასევე, ფონდიდან ერიცხებათ. ფონდის ფუნქციას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ასრულებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დაფინანსება ასეთია: - 630 092 (ცესკო), 78 908 (ფონდი) - ჯამში 709 000 ლარი; “საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – 595 092 (ცესკო), 78 908 (ფონდი) - ჯამში 674 000 ლარი; “რესპუბლიკური პარტია“ – 595 092 (ცესკო), (78 908 ფონდი) - ჯამში 674 000 ლარი; “ეროვნული ფორუმი“ – 595 092 (ცესკო), 78 908 (ფონდი) - ჯამში 674 000 ლარი. მხოლოდ აღნიშნული ოთხი პარტიის მიერ მიღებული სახელმწიფო დაფინანსების ჯამური ოდენობა 2 731 000 ლარს შეადგენს.

“მრეწველთა“ მაღალი დაფინანსება იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ პარტიამ პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანითა და “ქართული ოცნების“ ხუთი მაჟორიტარის მხარდაჭერით, უმრავლესობის ფარგლებში საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. “მრეწველებს“ ამ გზით ფრაქციის კომპონენტის დაფინანსება დაემატა და ცესკოში წევრი შეინარჩუნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთხი პოლიტიკური პარტია კარგავს. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა “მრეწველებს“ დაფინანსებას, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს. თავად კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, “მრეწველთა პარტია“ ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს.

კვალიფიციურ სუბიექტებს შორის ყველაზე სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები პარტიაა “ქართული ოცნება“. მმართველ პარტიას ბიუჯეტიდან 1 029 798 ლარი ერიცხება.