კომპანია Walt Disney Co კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის 21st Century Fox-ის დიდი ნაწილის შეძენას აპირებს.
საუბარია მედია ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებაზე. შეთანხმების შემთხვევაში „უოლტ დისნეის“ ეს შენაძენი 30 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
როგორც Walt Disney Co-სთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, Disney არ აპირებს Fox-ის სრულად შეძენას და საინფორმაციო და სპორტულ არხებს დაუტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Walt Disney Co-ს ხელმძღვანელს ბობ იგერსა და „ფოქსის“ მფლობელ News Corp-ის ხელმძღვანელს, რუპერტ მერდოკს შორის მოლაპარაკება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და სავარუდოდ, გარიგებით დასრულდება. ამ შემთხვევაში კომპანიის კინოინდუსტრია და საერთაშორისო სატელევიზიო არხები Star, Sky, FX, და National Geographic-ი „დისნეის“ მფლობელობაში მთლიანად გადავა, ხოლო Fox-ის საინფორმაციო და სპორტული მიმართულება ამერიკაში დამოუკიდებელი დარჩება.
ანალიტიკოსების აზრით, ორი უმსხვილესი მედიის მხრიდან გარიგებაზე საუბარი ბოლო წლებში ტექნოლოგიური გიგანტების გაძლიერებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია Facebook, Google (Alphabet), Amazon და Netflix მსოფლიო მედიაში მნიშვნელოვან მოთამაშეებად იქცნენ და ისინი წამყვან პოზიციებზე არიან ციფრული ონლაინ მედიის მიმართულებით, მათთვის კონკურენციის გაწევა კი სულ უფრო უჭირს ისეთ ტრადიციულ მსხვილ კომპანიას, როგორიცაა მაგალითად 21st Century Fox.
კოკა კვირკველია