„რეზონანსი" - ავტოგაზზე ფასის შენარჩუნება ვეღარ ხერხდება

ლარის კურსის გავლენას ვერც ავტოგაზი გადაურჩება.

კომპანიებში ადასტურებენ, რომ ბუნებრივი აირი 5-10 თეთრის ფარგლები გაძვირდება. დაახლოებით ამდენივეთი გაძვირდა ცოტა ხნის წინ თხევადი გაზიც (ელპიჯი), რაზეც განსაკუთრებული გავლენა აქციზის გაძვირებამ მოახდინა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სექტემბრიდან 1 ტონა თხევადი გაზის აქციზის გადასახადმა 160 ლარით მოიმატა და 280 ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო მოხმარების თხევადი გაზის აქციზი, და შესაბამისად, ფასიც.

ამ ეტაპზე 1 კუბმეტრი ავტოგაზის ფასი 1,40-1,42 ლარის ფარგლებშია, ხოლო "ელპიჯი" 1,20 ლარამდე ღირს. გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული ფასის შენარჩუნება უჭირთ, რადგან, ლარის დევალვაციის გამო, თვითღირებულების ხარჯი გაეზარდათ. ზოგიერთ კომპანიაში შესაძლო გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ საფასო ცვლილება გარდაუვალია.

გაზგასამართ სადგურებში შიშობენ, რომ გაძვირება რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. "გამაგაზის" წარმომადგენელმა დავით ჩახტაურმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თვთიღირებულებამ 5 თეთრით მოიმატა, მაგრამ აქამდე საწვავის გაძვირება არ უცდიათ.

"თავის დროზე აქციზის გადასახადი გაგვიძვირდა, ამის გამო საკმაოდ ვიზარალეთ. ახლა პრობლემა გვაქვს კურსის გამოც. ამ მაჩვენებელზე ლარის გაუფასურებას არავინ ელოდა, ბაზარზე გაურკვევლობაა. სანამ შეგვიძლია, არსებული ფასის შენარჩუნებას შევცედებით, მაგრამ დევალვაციის პარალელურად ესეც შეუძლებელი იქნება. პროდუქციის თვითღირებულება 5 თეთრით გაგვეზარდა. გაძვირების შემთხვევაში, ფასიც, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებლით მოიმატებს.

სხვა კომპანიებში რა ხდება, არ ვიცი. ფაქტია, რომ გაძვირება არავის "აწყობს", ეს რეალიზაციაზეც მოქმედებს და ბიზნესისთვის ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება რთულად მისაღებია", - ამბობს ჩახტაური.

კომპანიების ნაწილში შესაძლო გაძვირებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. "ნეოგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ საფასო ცვლილება ამ ეტაპზე არ დაუგეგმავთ.

წყალსაცავის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის თანამშრომლის ინფორმაციით კი, ავტოგაზის გაძვირება ნამდვილად მოუწევთ, რადგან შესასყიდი ფასი გაიზარდა.

"ჩვენც ძვირად გვიწევს შესყიდვა. კურსმა საფასო პოლიტიკა ყირაზე დააყენა. რეალურად რა მოხდება, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ არსებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ვშიშობ, ეს რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს", - ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა კომპანიის თანამშრომელი "რეზონანსთან" საუბრისას.

თხევადი გაზის ფასი ცოტა ხნის წინ უკვე შეიცვალა და ამ მიმართულებით ახლო მომავალში არაფერია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, კომპანიების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ სავალუტო მერყეობის გამო ძალიან უჭირთ.

კომპანია ISLET GROUP-ის რეგიონალური მენეჯერი იური ჯიბუტი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, "ელპიჯის" შემთხვევაშიც მოხდეს ცვლილება, თუკი ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

"თხევადი გაზი ცოტათი გაძვირდა, რაც აქციზის გადასახადსაც უკავშირდება. პარალელურად, კურსის გამო აქაც არასტაბილურობის განცდაა. არ გამოვრიცხავ, ფასი სამომავლოდაც გადაიხედოს, მაგრამ უახლოეს პერიოდში ნამდვილად არაფერი შეიცვლება", - განაცხადა ჯიბუტმა.

კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ავტოგაზის გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ კურსის გამო კომპანიების მხრიდან ნებისმიერი ასეთი მცდელობა მოსალოდნელია. მანვე საწვავის ფასსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას გაზრდილი ხარჯი ტვირთად აუცილებლად დააწვება.

"საერთოდ, კომპანიებს ავტოგაზზე დაბალი ფასის შენარჩუნება ხელს აძლევთ, რადგან იგი ბენზინის კონკურენტია, დაბალი ფასით კი უფრო მეტს გაყიდიან, თუმცა ყველა ხედავს, ლარი როგორ ეცემა. იმპორტიორებს კონტრაქტი დოლარში აქვთ გაფორმებული, შესაბამისად, იძულებულები არიან, გაუფასურების გამო, ფასი მინიმალურად შეცვალონ.

საწვავის გაძვირება მტკივნეული ქნება მთელი ქვეყნისთვის და ამ უარყოფით შედეგს მწვავედ იგრძნობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავტომობილით ინტენსიურად გადაადგილდება. ყოველგვარი გაძვირებისა და მონოპოლიის წინააღმდეგი ვარ. საწვავის ფასზე დამოკიდებულია ბევრი რამ, ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც გააძვირებენ, ბოლოს კი სამრეწველო ნაწარმის ფასიც გაიზრდება", - განუცხადა "რეზონანსს" რამიშვილმა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"