პროექტი „ჯვარი-ხორგა“ იწყება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი", 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ.

პროექტის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელს ენერგეტიკის მინისტრი  კახა კალაძე, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველი, სულხან ზუმბურიძე მოაწერენ.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯვარის 500-220 კვ ქვესადგურის მშენებლობის კონტრაქტორია ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EFACEC, ხოლო გადამცემი ხაზის მშენებლობას ინდური ფირმა Jyoti construction განახორციელებს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა.

პროქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF) დააფინანსებენ.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.