აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტებმა 2018 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმეს, რომელშიც ”ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის” 4.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
კანონპროექტის თანახმად, „ნებადართული იქნება 4.6 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა „ევროპაში შეკავების ინიციატივის“ განხორციელებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს ფარგლებში მოკავშირეების უსაფრთხოება და ევროპაში აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდა. ამ თანხებიდან 100 მილიონი აშშ დოლარი შესაძლოა დაიხარჯოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე“.
გარდა ამისა, სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის პროფილურმა კომიტეტებმა კვლავ აკრძალეს პენტაგონის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობაზე.
აღნიშნული კანონპროექტი ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს, შემდეგ კი სენატმა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 2018 ფინანსური წლისთვის 700 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.