დღეს ბიტკოინის ფასმა კიდევ ერთხელ განაახლა მაქსიმუმი, რის შემდეგაც მკვეთრი რყევის ფაზაში გადავიდა.
ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ზრდის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ინვესტორთა და პროგრამის განვითარების ჯგუფმა უარი განაცხადა ბიტკოინის Segwit2x-ის სახელით ცნობილ რეფორმაზე, რომელიც ვალუტას ორ ნაწილად გაყოფას უქადდა.
ინფორმაცია Segwit2x-ზე უარის თქმის შესახებ, კომპანია BitGo-ს მთავარმა აღმასრულებელმა, მაიკ ბელშიმ გამოაქვეყნა. მის განცხადებას, რეფორმის მომხრე ორგანიზაციებიც აწერენ ხელს. რეფორმის მიზანს, ბიტკოინის ქსელის ტევადობის გაზრდა და ამის შედეგად, ტრანზაქციების სისწრაფის გაორმაგება წარმოადგენს. მაგრამ წინაღმდეგობა იმ გარემოებამ წარმოქმნა, რომ რეფორმის განხორციელება, პროცედურული (ერთწლიანი) ვადის დარღვევით დაინიშნა.
SegWit2x-ის განხორციელების ვადა მაისში გამოცხადდა და მაშინ მას თითქმის აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ, ამ ბიზნესის მსხვილი მონაწილეების ნაწილმა რეფორმისადმი თავისი დამოკიდებულება შეცვალა. არადა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ბიტკოინის ქსელის მოცულობა, ამ ვალუტაზე სწრაფად მზარდ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, რაც ტრანზაქციების დროს ზრდის.
რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, ბიტკოინი ორ ციფრულ ვალუტად გაიყოფოდა, რაც არცერთი მხარის ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან ვალუტაზე ფასის მკვეთრად დაცემის საშიშროებას ქმნიდა. Segwit2x არის ბიტკოინის ორსაფეხურიანი რეფორმის მეორე ნაწილი. პირველი ზაფხულში ჩატარდა, რასაც შედეგად ახალი ვალუტის, ბიტკოინ ქეშის შექმნა მოჰყვა. პროცედურის შესაბამისად, რეფორმის მეორე ნაწილი, მისი გამოცხადებიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. ეს კი ნიშნავს, რომ Segwit2x-ის ჩატარება, მომავალი წლის ზაფხულამდე არ შეიძლებოდა.
Segwit2x-ის გადადებაზე ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, ბიტკონის ფასი 7 429-დან 7 888 დოლარამდე გაიზარდა, მომდევნო ერთ საათში კი დაახლოებით 800 დოლარით დაეცა. რყევა ამის შემდეგაც გაგრძელდა - ფასმა ჯერ 7 500-ს მიაღწია, შემდეგ 7 150-მდე შემცირდა, ამჟამად კი 7 250 დოლარის სიახლოვეს იმყოფება.
ლაიტკოინის დამაარსებელი და ციფრული ვალუტების სამყაროს წამყვანი ექსპერტი ჩარლი ლი ამბობს, რომ ბიტკოინის საზოგადოებას Segwit2x-ის გატარება მაინც მოუწევს, მაგრამ ეს მხოლოდ კონსენსუსის არსებობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს.