ათიდან ოთხ თბილისელს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა.
კომპანია “ეისითის” კვლევის თანახმად, თბილისში პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია.
ამავე კვლევით, თბილისელების ერთი მესამედი ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს (32%), ხოლო ერთი მეოთხედი კი პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს (24%).
“ეისითი” ასევე დაინტერესდა, ბოლო პერიოდში თბილისელების რა ნაწილმა მიმართა ექიმს უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. როგორც ირკვევა, თბილისელების ნახევარი (50%) ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა ექიმთან ამ მიზეზით. აღსანიშნავია, რომ ექიმთან ვიზიტის პრაქტიკა უფრო მაღალია 60 წლის და უფროსი ასაკის თბილისელებში.
როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე თბილისელების უმრავლესობა, ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა ოჯახის ექიმთან (66%). ამ სეგმენტში სხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტის პრაქტიკა შედარებით დაბალია და 12%-ს არ აღემატება. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები, გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე მიმართავდნენ კარდიოლოგებს (25%) და ოფთალმოლოგებს (15%), ხოლო 18-35 წლის ასაკის თბილისელები კი გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის მანძილზე ასევე ყოფილან გინეკოლოგთან (24%) და სტომატოლოგთან (19%).
კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.