„არაფრიდან დავიწყეთ და შეკრული გუნდითა და მოტივაციით მოვედით აქამდე“ - ქართული კომპანია, რომელიც  გარე განათების ლედ სანათებსა და ჯიპიეს მოწყობილობებს აწარმოებს

კომპანია „მაიჯიპიესი“ ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც გარე განათების ლედ სანათებსა და ჯიპიეს მოწყობილობებს თავად უშვებს.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა თინათინ წოტოიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპანია უკვე 10 წელია რაც ამ მიმართულებით საქმიანობს და ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე.

„ჯიპიესების წარმოების იდეა ჩვენს გენერალურ დირექტორს გაუჩნდა ფილმის ყურებისას, სადაც გატაცებულ ოჯახის წევრებს იპოვიან ძაღლის მეშვეობით, რომელსაც ჯიპიესი ჰქონდა. ასე დაარსდა ჩვენი კომპანია 2007 წელს. თავიდან ავტოპარკისა და საწვავის კონტროლის ბიზნესში ვიყავით, ვაწარმოებდით ჯიპიეს მოწყობილობებს. შემდეგ უკვე ელექტროენერგის დაზოგვის იდეაც გაჩნდა და დაახლოებით 1 წელზე მეტი იქნება, რაც ლედ სანათების წარმოება დავიწყეთ. გვყავს უნივერსალური რობოტი, რათა სანათების წარმოების პროცესში რამე უზუსტობა არ გაიპაროს,“-აღნიშნა წოტოიძემ.

რა მომსახურებას სთავაზობს MyGPS მომხმარებელს?

ავტოპარკის და საწვავის კონტროლის კუთხით მომხმარებელს 24 საათიან ონლაინ მონიტორინგს ვთავაზობთ. კერძოდ, მას შემდეგ რაც ავტომობილზე ჯიპიეს მოწყობილობას ან საწვავის სენსორს დავაყენებთ, მომხმარებელს შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე შემოვიდეს და ნახოს თუ სად არის მისი ავტომობილი, რა სიჩქარით ან რა მიმართულებით მოძრაობს, რამდენი ლიტრი საწვავი აქვს ავზში და ა.შ. ფაქტობრივად მომხმარებელს 24 საათიანი ლაივი აქვს ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ავტომობილზე შეიძლება აინტერესებდეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ლოკალური ბიზნესი და დაფარვის ზონა გვაქვს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს 195 ქვეყანაში მყოფ ავტომობილზე. რაც შეეხება სანათებს, მომხმარებელს ვთავაზობთ გარე განათების  ლედ სანათებს 5 წლიანი გარანტიით. ჩვენი MLED სერიის სანათები სერტიფიცირებულია ნესტ- და მტვერ-მედეგობასა და მსხვრევადობაზე . ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ პრემიუმ კლასის სანათებს ვუწევთ კონკურენციას.

მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა

ჯიპიეს მოწყობილობების მიმართულებით უკვე 10 წელია რაც ვსაქმიანობთ და შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი მეტნაკლებად უკვე ათვისებულია. თუმცა, მოთხოვნა მაინც არსებობს და ახალი კლიენტებიც გვყავს. რაც შეეხება სანათებს, ამ მხრივ ადგილობრივი ბაზარი მეტნაკლებად ასათვისებელია, სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სტანდარტებს მორგებული ვართ, გვინდა ჯერ ქართული ბაზარი ავითვისოთ. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვფიქრობ, ჯიპიეს მოწყობილობებიც და ლედ სანათებიც ხელმისაწვდომია როგორც სხვადასხვა კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი სეგმენტისთვის და ამ კუთხით, ბარიერი არ არსებობდეს.

რამდენად კონკურენტუნარიანია ადგილობრივი ბაზარი?

ბაზარი ორივე მიმართულებით კონკურენტუნარიანია, თუმცა, ვფიქრობ, სხვა კომპანიებს ღირსეულად ვუწევთ კონკურენციას და ერთ-ერთ ლიდერები ვართ ბაზარზე. ჯიპიესის მიმართულებით ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საკუთარი წარმოება გვაქვს, გვყავს პროგრამისტები, რომლებიც ამ ყველაფერს წერენ და კლიენტის სურვილის შემთხვევაში კონკრეტული პუნქტის ჩამატება ხდება პროგრამაში. შესაბამისად, მაქსიმალურად ვართ მორგებული მომხმარებლის სურვილებს და მათთვის ჩვენთან ურთიერთობა ბევრად მარტივია.

„მაიჯიპიესის“ მიღწევა და სირთულეები ბაზარზე

თავიდან რომ დავიწყეთ საქმიანობა, ბევრმა არც კი იცოდა რამდენად სანდო ვიყავით, ზოგს ეგონა ვუთვალთვალებდით და ა.შ. ახლა ჯიპიეს მოწყობილობების კუთხით, მსგავსი პრობლემები აღარ გვაქვს, ყველამ იცის რომ შეუძლია სახლიდან აკონტროლოს ავტომობილი და ამით დრო და ფული დაზოგოს. თუმცა, სანათების მიმართულებით მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდა კვლავ სირთულედ რჩება. ხშირად მოქალაქეები ფასზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე ხარისხზე და ამ მიმართულებით სწორად ვერ აფასებენ, რომ სჯობს იყიდო სანათი, რომელსაც 5 წლიანი გარანტია აქვს, ვიდრე იყიდო უფრო დაბალფასიანი და კვირაში რამდენჯერმე გადაგეწვას.

რაც შეეხება მიღწევას, ჩვენი გუნდის წარმატებად შემიძლია ჩავთვალო ერთიანობა და ის, რომ მუდმივად მოტივირებულები ვართ განვითარებაზე. მუდმივად თვალს ვადევნებთ სიახლეებს, ინოვაციებს და აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე მოქმედი კლიენტები გვიწევენ რეკომენდაციებს, რაც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და ამით ძალიან ამაყები ვართ.

„ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალისტობა

გასულ წელსაც ვიღებდით ამ პროექტში მონაწილეობას, თუმცა ფინალში ვერ გავედით. ალბათ იყო რაღაც რაც წინაზე ვერ წარმოვაჩინეთ, წელს კი დავანახეთ და შედეგად, ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნესი“ ფინალისტებიც ვართ. ძალიან გვიხარია და ვფიქრობთ, გამარჯვების შანსი ისევე გვაქვს, როგორც სხვა ორ კომპანიას ამ ნომინაციაში. რაც შეეხება მიზნებს, გარდა ცნობადობის გაზრდისა რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვინდა და გაგვიხარდება თუ ბევრი სტარტაპერისთვის გავხდებით მოტივატორი, რადგან ფაქტობრივად არაფრიდან დავიწყეთ და შეკრული გუნდით და მოტივაციით მოვედით აქამდე - 1 კაციდან 40 კაცამდე.

„მაიჯიპიესის“ სამომავლო გეგმები

მომხმარებელს გარკვეულ სიახლეებს, რა თქმა უნდა შევთავაზებთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტუნარიანი ბაზარია სამომავლო გეგმებზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი კომპანია აპირებს ახალი მიმართულების დამატებას, რომელიც ასევე ელექტროენერგიის ეკონომიაზე იქნება მიმართული, ამასთან, ჯიპიესის კუთხითაც იქნება ცვლილებები პროგრამაში, რაც მომხმარებლისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი.

თაია არდოტელი