დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის თარიღს საკანონმდებლო დონეზე გააფორმებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის თარიღს საკანონმდებლო დონეზე გააფორმებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ „ბრექსითის“ საქმეებში დიდი ბრიტანეთის მინისტრზე დევიდ დევისზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 29 მარტს, 00:00 საათზე უნდა შედგეს.

აღნიშნული თარიღი აქამდეც იყო ცნობილი: ლონდონი ევროკავშირიდან გასვლას „ბრექსითის“ ამოქმედებიდან ორ წელიწადში გეგმავდა. თუმცა ახლა, საკანონმდებლო დონეზე მოხდება ზუსტი დროის დაფიქსირება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს შედგა. ამომრჩეველთა 51,9%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. 29 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურ ბრიუსელს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედების შესახებ შეატყობინა.