ევროკავშირის შავ სიაში რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები მოხვდნენ

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დამატებით სიაში 15 პირი შეიყვანა.

ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, Eur-Lex ავრცელებს.

Eur-Lex-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ე.წ. შავ სიაში რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები მოხვდნენ, მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი, სევასტოპოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მენიალო, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი დენის პუშილინი, დონბასის სახალხო მილიციის ხელმძღვანელი სერგეი ციპლაკოვი, რუსეთის გრუ-ს თანამშრომელი იგორ სტრელკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

ამასთან, სანქციები აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო აკრძალვას ითვალისწინებს.

ევროკავშირმა მარტში სანქციები 33 რუს და უკრაინელ მაღალჩინოსანს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესა.