დავით ნარმანია - ეს იყო გამოწვევებითა და პრობლემებით დატვირთული სამი წელი, რომლის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ

ეს იყო გამოწვევებითა და პრობლემებით დატვირთული სამი წელი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

დავით ნარმანიამ 2014 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ჩვენ ამ პირობებში, რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია შევძელით, რათა ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი გაგვეკეთებინა. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიყენებდით ჩვენს საბიუჯეტო რესურსებს, რათა არც ერთი პროექტი და პროგრამა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს დავპირდით, შეუსრულებელი არ დაგვრჩენოდა. მიუხედავად რამდენიმეთვიანი საწყისი პერიოდი საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ 30 მილიონამდე გარღვეული ბიუჯეტი დაგვხვდა და თბილისს ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში თავს დაატყდა სტიქია, ჩვენ ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, რეალურად ქალაქის განვითარება დავიწყეთ. ის პროექტები და პროგრამები, რომელებსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, არის ჩვენ მიერ რეალურად ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთებული“, - განაცხადა ნარმანიამ.