”აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს”

რუსეთისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები რუსულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოებსა და წარმოებაზე ნეგატიურად აისახება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა gazeta.ru-სთან ონლაინ ინტერვიუს დროს განაცხადა.

სერგეი რიაბკოვის თქმით, აშშ-მა "რკინის ფარდა" დაუშვა რუსეთში მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებაზე ისე, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. "აშშ-ის მიერ დამატებითი სანქციები განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება რუსეთ-აშშ-ს შორის მაღალი ტექნოლოგიების თანამშრომლობის სფეროში. ასევე შეეხება ამერიკული წარმოების კოსმიური აპარატების გაშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გუშინ სერგეი რიაბკოვმა "ინტერფაქსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.

აშშ-მა გუშინ დამატებითი სანქციები  17 რუსულ კომპანიასა და 7 პირს დაუწესა.